ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთს
ევროპის კავშირის საბჭომ სანქციების რიგით მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთს, შარშან თებერვალში უკრაინაში მისი არმიის შეჭრის გამო.
ამ პაკეტის თანახმად, მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდა ადრე დაწესებულ ზოგიერთ ზომას, ხოლო სანქცირებული პირების სიას დაემატა ათეულობით ახალი იურიდიული პირი მთელ მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ადრე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.
საბჭომ სანქციები გამოაქვეყნა 23 ივნისს, მათი დამტკიცების შემდეგ და განაცხადა, რომ პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების უფრო ეფექტიან გამოყენებას, „გასულ წელს მათი მოხმარების შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე“.
ამ სანქციების მიზანია, ჩაკეტოს ხვრელები, რათა პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მცდელობებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, არ მოხვდეს რუსეთში იმ ქვეყნების გზით, რომლებიც ევროკავშირთან ვაჭრობენ.
საბჭო განმარტავს, რომ სანქციების სიაშია 87 ახალი კომპანია, რომლებიც ევროკავშირის თანახმად, „პირდაპირ უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში“. ევროკავშირის მიხედვით, ეს კომპანიები რეგისტრირებულია ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სირიასა და სომხეთში.
„ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანასთან ზოგიერთი კონკრეტული პროდუქტით ვაჭრობის მონაცემთა არანორმალური ზრდა ადასტურებს, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციებისთვის გვერდის ავლას. ეს მოითხოვს სანქციებისთვის გვერდის ავლასთან ბრძოლაში ჩვენი ძალისხმევის გაორმაგებას და უნდა ვთხოვოთ ჩვენს მეზობლებს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩვენთან“.
ახალი პაკეტი საშუალებას იძლევა, გატარდეს ზომები, რომლებიც ზღუდავს მგრძნობიარე ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს მესამე ქვეყნებში, რომლებსაც შეუძლიათ მათი გადატანა რუსეთში. ახალი წესები საშუალებას აძლევს ევროკავშირს, ამგვარი პრაქტიკის შეწყვეტის მიზნით, განახორციელოს ბევრად ძლიერი ზეწოლა, ვიდრე ადრე. ევროკავშირის ოფიციალური პირები დიდი ხანია შეშფოთებული არიან რუსეთის მეზობელ, მასთან სავაჭრო ურთიერთობის მქონე ქვეყნებში ევროკავშირის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის გამო.
პაკეტის თანახმად, ევროკავშირის სამაუწყებლო ლიცენზიები შეუჩერდება რუსეთის კიდევ ხუთ სახელმწიფო მედიასაშუალებას, რითაც მათი რიცხვი 10-მდე იზრდება და მათ ემატება Russia Today-ის ხუთი შვილობილი კომპანია.
გარდა ამისა, პაკეტის ძალით ევროკავშირის ნავსადგურებში შესვლა გემებს ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტვირთი რუსული წარმოშობისაა. საუბარია გემებზე, რომლებიც ეწევიან ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადაქაჩვას ზღვაში გემიდან გემზე.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.