პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამარტლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.
მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ ის მოხდება და იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 19 ივნისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.