Jump to content
Planeta.Ge

„ტიტანიკისკენ“ მიმავალი დაკარგული წყალქვეშა ნავი - რა ვიცით ამ დრომდე


„ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასულ წყალქვეშა ნავზე –  TITAN, რომელიც დაიკარგა,  ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა ბორტზე მყოფი  ხუთი ადამიანისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ტიტანიკის“ შესასწავლად ეს ამ ხომალდის პირველი წყალქვეშა მოგზაურობა არ არის და ამგვარ ექსპედიციას ნავი დაახლოებით 96 საათისთვის სამყოფი ჟანგბადით იწყებს.

როგორ დაიკარგა წყალქვეშა ნავი

წყალქვეშა აპარატი, რომელსაც Ocean Gate-ის ექსპედიცია მართავდა, ჩაძირული „ტიტანიკის“ მიმართულებით 18 ივლისს, კვირა დილას დაიძრა. დამხმარე გემთან  – Polar Prince – კონტაქტი, რომელსაც ხომალდი ჩრდილო ატლანტიკის მიმართულებით გადაჰყავდა, მან  ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათსა და 45 წუთში დაკარგა.

სამძებრო სამუშაოები ამავე დღეს დაიწყო. არ არის ცნობილი, რა დაემართა წყალქვეშა ნავს და როგორ დაკარგა კონტაქტი. ასევე უცნობია, გაუჩინარების მომენტში რამდენად ახლოს იყო წყალქვეშა ნავი „ტიტანიკთან“. გემი Polar Prince ძებნის დასრულებამდე ოკეანეში რჩება.

ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავში

წყალქვეშა ნავში 5 ადამიანი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მყოფთა ვინაობას ხელისუფლება არ აცხადებს, CNN-ის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ წყალქვეშა ნავში ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მილიარდერი შაჰზადა დავუდი, მისი ვაჟი სულაიმან დავუდი და ფრანგი მყვინთავი პოლ-ჰენრი ნარგეოლე იმყოფებიან.

წყალქვეშა მისიის გეგმაზე ინფორმაციის მქონე წყარო CNN-ს უდასტურებს, რომ მეხუთე ადამიანი, რომელიც წყალქვეშა ნავშია, ექსპედიციის ხელმძღვანელი  Ocean Gate-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – სტოკტონ რაშია.

დარტყმის ხმები

სამშაბათს და ოთხშაბათს დილით კანადურმა საჰაერო მოწყობილობებმა სამძებრო სამუშაოების დროს წყლიდან დარტყმის ხმები დააფიქსირა. დისტანციურად მართვადი მანქანები გადაიტანეს იქ, საიდანაც ხმები გავრცელდა, თუმცა აშშ-ს სახმელეთო დაცვის კაპიტნის, ჯეიმი ფრედერიკის განცხადებით, გაურკვეველია, იყო თუ არა ეს ხმები დაკარგული წყალქვეშა ნავიდან. ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო.

რა შეიძლება ხდებოდეს წყალქვეშა ნავში

ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს საკვებისა და წყლის შეზღუდული რაოდენობა აქვთ. ყოფილმა საზღვაო კაპიტანმა დევიდ მარკეტმა CNN-ს განუცხადა, რომ ამ სიღრმეზე წყალი თითქმის გაყინულია და სიტუაცია რთულია.

„წყალქვეშა ნავის ნაწილები შიგნიდან იყინება. ექსპედიციის მონაწილეები ერთმანეთზე იქნებიან მიკრული ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მათ ძალიან ცოტა ჟანგბადი აქვთ“, – თქვა მან.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები

საზღვაო ტექნოლოგიების საზოგადოების წარმომადგენელმა, უილ კონენმა CNN-თან თქვა, რომ მსოფლიოში სულ 10 წყალქვეშა ნავია, რომლებსაც 12 000 ფუტის სიღრმეზე ჩასვა შეუძლიათ და, Ocean Gate-ის გარდა, ყველა მათგანი სერტიფიცირებულია. შესაბამისად, Ocean Gate-ის ექსპედიციამ ნორმები დაარღვია.

CNN-ის ცნობით, სასამართლოს ჩანაწერებმა აჩვენა, რომ Ocean Gate-ს წლების წინაც ჰქონდა გემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და უწევდა ექსპედიციების გაუქმება ან გადადება.

რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს, თუ წყალქვეშა ნავს იპოვიან

გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტის საზღვაო გარემოს ტექნოლოგიისა და ზღვის სიღრმის ინჟინერიის პროფესორმა, რალფ ბახმაიერმა CBS News-ს განუცხადა, რომ არსებობს ორი ძირითადი გზა, რომლითაც წყალქვეშა ნავის გადარჩენაა შესაძლებელი, თუ ის უბრალოდ ზღვის ფსკერზეა. შესაძლოა, TITAN გაჭედილიც იყოს, რაც საქმეს ბევრად უფრო გაართულებს.

„ტიტანიკის“ ექსპერტი ტიმ მატლინი გადარჩენის ოპერაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და Reuters-თან ამბობს, რომ არ არსებობს საშუალება, რომელიც წყალქვეშა ნავს მისწვდება, რადგან ის ძალიან მძიმე იქნება ამოსაწევად.

პროფესორი ბახმაიერის აზრით კი, სხვა შესაძლებლობას მოტივტივე მოწყობილობა წარმოადგენს, რაც შეიძლება იყოს ე.წ. ასაწევი ტომარა, რომელიც შესაძლოა შეცურდეს წყალქვეშა ნავის ქვეშ და დაეხმაროს მას ზედაპირზე ამოსვლაში.

თუმცა, ასევე ამბობს, რომ TITAN შესაძლოა მოექცეს „ტიტანიკის“ ნაწილების ველში და ამ ტიპის ოპერაციას დასჭირდეს დისტანციურად ოპერირებული მანქანები.

ინგლისის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის საზღვაო ავტონომიის პროფესორმა, ბლერ თორნტონმა განაცხადა, რომ თანამედროვე დისტანციურად ოპერირებულ მანქანებს „როგორც წესი, აქვთ მაღალი გარჩევადობის კამერები, განათებები და ის ფიზიკურად იქნება დაკავშირებული გემთან. მათ ძალიან გამოცდილი პილოტები მართავენ“.

სამაშველო ოპერაცია „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილის მიმდებარე სიღრმეზე, თორნტონის თქმით, სავარაუდოდ, მოიცავს კაბელის მიმაგრებას დაზიანებულ ხომალდზე დისტანციურად ოპერირებული მანქანებით, და შემდეგ ნელ-ნელა ზედაპირზე ამოქაჩვას.

თუმცა თორნტონი ასევე საუბრობს, რომ ეს კონკრეტული სცენარი უჩვეულო ამოცანა იქნება ხელმისაწვდომი დისტანციურად ოპერირებული მანქანებისთვის და, სავარაუდოდ, მათ ხელახალ ადაპტირებას მოითხოვს.

ექსპერტ ტიმ მატლინის განცხადებით, „ტიტანიკი“ ორ ნახევარი მილის სიღრმეზეა.

„იქ უკუნეთი სიბნელე და ყინვაა. საკუთარი სახის წინ საკუთარი ხელიც დანახვაც კი შეუძლებელია. ერთადერთი, რითაც შეგიძლიათ გაიგოთ, სად ხართ, არის სონარია (ხმით ნავიგაცია). ყველა რადარი არ მუშაობს. ეს მთვარისკენ რაიმეს სროლას ჰგავს. ამიტომ ვღელავ იმ ადამიანების სიცოცხლის გამო, რომლებიც ხომალდზე იმყოფებიან“, – ამბობს ის. ამის შესახებ ექსპერტმა CNN-თან ისაუბრა.




პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...