Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - ჩვენ ჩვენ თავს მივხედავთ, ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს - გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, ძალიან ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება


ჩვენ, ჩვენ თავს მივხედავთ ხაბეიშვილის რჩევის გარეშე. ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ სთავაზობს საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას, „რადგან კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება“.

როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია „საქართველოსთვის“ ხაბეიშვილის განცხადებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„თავის პარტიას მიხედოს, იცით ახლა რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ხაბეიშვილი რას იტყვის ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იცით ჩვენი გუნდის დამოკიდებულება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მან ასევე ისაუბრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წასული არ იყო.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ მათ გარეშემო იტრიალოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა.

„დღევანდელი მოცემულობით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართულო ოცნება“ არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. მათ ძალიან კარად იციან, რომ ერთმანეთის ენერგიის წყაროები არიან. ყოველ ჯერზე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ რაღაც უჭირს, სააკაშვილი გამოვა და რაღაცას იტყვის, ან საქართველოში ჩამოდის. 2021 წლის არჩევნებში, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ყველაზე ძლიერ დააზარალა ოპოზიცია და გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ მათ გარეშემო იტრიალოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა“, - განაცხადა მან.

გადაცემაში ბუჩუკურმა Edison Research-ის კვლევას და პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებზე გიორგი გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, რომ ძალიან ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება.

„ჩვენ ვიცოდით რომ ეს ასე იყო, მაგრამ კიდე უფრო მეტი სასიამოვნო მოულოდნელობა ელოდება ჩვენს მაყურებელს წინ. კვლევები ეს პირობითია და ამაზე, არც აჟიტირება ღირს და არც პირიქით. ისეთი კვლევები რომლებიც პოლიტიკური პარტიების ინტერესებს წარმოადგენენ, განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. გიორგი გახარიას მიმართ ნეგატივის დაბალი დონე IRI-ის კვლევითაც დასტურდება. მე გარწმუნებთ, რომ გიორგი გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, რომ ძალიან ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება. მე ამაში გარწმუნებთ.

ჩვენი გუნდი ჩვენს თავზე ვმუშაობთ, ჩვენს გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა, რომ არ აქვს ყველა ხედავს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...