Jump to content
Planeta.Ge

NGO-ები: “დაუშვებელია სახელოვნებო სექტორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მათი დისკრედიტაცია”


10 არასამთავრობო ორგანიზაცია კინოცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას აკრიტიკებს და პროტესტის მონაწილე კინემატოგრაფებს სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 21 ივნისს გაავრცელეს.

განცხადებაში არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის კინოცენტრის თანამშრომლებისთვის ბუნდოვანია და არ ითვალისწინებს მათ ჩართულობას.

განცხადებაში ისინი ასევე ეხმაურებიან მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას დოკუმენტური ფილმ “მოთვინიერების” რეჟისორის, სალომე ჯაშის მიმართ, სადაც კობახიძემ ფილმს სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ კინოცენტრმა “აბსურდი” დააფინანსა. ორგანიზაციები ამ განცხადებას დისკრედიტაციად აფასებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კინოს ცენზურის და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების საფრთხეებს შეიცავს.

ამასთან, ორგანიზაციები პრობლემურად მიიჩნევენ კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის ამჟამინდელ წესს, რომლის თანახმადაც კანონმდებლობით კულტურის სამინისტრო პირდაპირი წესით ნიშნავს კინოცენტრის დირექტორს. მათი შეფასებით, დირექტორის ერთპიროვნულად დანიშვნა კინოცენტრის დამოუკიდებლობისა და სფეროს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს თავისთავად შეიცავს.

არასამთავროების განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ეწინააღმდეგება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე კინოცენტრისთვის ამავე კანონით დადგენილ სამართლებრივ სტატუსს, რომლის მიხედვითაც ის თავის საქმიანობას დამოუკიდებლად უნდა ახორციელებდეს.

“სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი რიტორიკა, კულტურის სექტორის შეზღუდვა თუ მათზე თავდასხმა პირველად არ ხდება. ბოლო წლების განმავლობაში, კულტურის სამინისტროს მხრიდან გახშირდა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმები, ,,ქართული ფილმის“ გამოძიებით დაშინება, სხვადასხვა თანამდებობებზე პოლიტიკასთან აფილირებული პირების დანიშვნა,თანამშრომლების მუდმივი გათავისუფლება პოლიტიკური გემოვნების საფუძველზე, სამხატვრო გალერეაში ჟურნალისტების შეშვებაზე უარის თქმა. გარდა ამისა, არც სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ცენზურის შემთხვევაა პირველი, 2022 წელს, საქართველოს კინოაკადემიის მიერ ფილმის ჩვენება აიკრძალა.

საქართველოს ნაკისრი აქვს არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით. „ხელოვანები დაცულნი უნდა იყვნენ ცენზურისგან და ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა და დაშინებისგან“ აღნიშნავს ევროპის საბჭოს მანიფესტი – ,,ციფრული ეპოქის ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების შესახებ“.

გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიც იცავს, რომელიც პროგრესული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი აქტია, სახელმწიფო ვალდებულია აღასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს კანონმდებლობა”, — ნათქვამია განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • უზრუნველყოს შემოქმედთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო და დაიცვას შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება;
  • დაუყოვნებლივ შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი კინოცენტრში, მანამ, სანამ არ შემუშავდება პროცედურული დოკუმენტი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული კინოცენტრის თანამშრომლები და სფეროს წარმომადგენლები;
  • უზრუნველყოს კინოს სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობა შემოქმედებით გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან. სფეროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია კინოცენტრის დირექტორის ერთპიროვნული წესით დანიშვნა. აღნიშნული რეგულაციის პირობებში კი შეუძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს კინოცენტრის დამოუკიდებლობა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი.
  • შეწყდეს კონკრეტულ ხელოვანებსა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათი დისკრედიტაცია!

განცხადებას ამჟამად ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “უფლებები საქართველო”, “საფარი”, “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “მედიის ინსტიტუტი, მედიის განვითარების ფონდი” (MDF), “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია), “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), “საქართველოს ევროპული პერსპექტივა”.

განცხადების თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციების სია განახლდება.



ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...