პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო
თბილისში, პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ 19:00-ზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
„გაფიცვის მე-16 დღე და შიმშილობის მე-10 დღე გახლავთ. გარკვეული ჯგუფი ვართ თბილისში, პარლამენტის წინ და აქედან ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რაც კომპანიის მხრიდან არის ჭიათურაში დაყენებული.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეს დილიდან ვიწყებთ შიმშილობას. კარვებში 4 ადამიანი ზის და უვადოდ აცხადებენ შიმშილობას მანამ, სანამ არ შესრულდება ის მინიმალური, ელემენტარული მოთხოვნები, რომლებიც არის ჩვენი მხრიდან კომპანიის მიმართ წაყენებული.
დღეს გვიჭირს ჩვენ, ჭიათურის დასაქმებულებს, ხვალ ეს პრობლემა, ზოგადად შრომის ბაზარზე რომ დგას, თქვენს კარზე მოაკაკუნებს. თქვენს სამსახურებში მოვა და გახდებით იძულებული, რომ ასე ქუჩაში გამოხვიდეთ და ქუჩიდან დაიცვათ თქვენი უფლებები. დღეს, საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ. მობრძანდით და გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა”, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.
ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო.
ჭიათურაში მაღაროელთა შიმშილობის პარალელურად პროტესტის სხვა უკიდურეს ფორმებსაც მიმართეს – პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი. ერთმა კი გადაისერა მკლავები.
„ჯორჯიან მანგანეზი” მათ ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს და კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.