ტამბოვის ოლქში დენთის ქარხანაში აფეთქებას ოთხი ადამიანი შეეწირა
რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტოები ავრცელებენ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი.
გამოცემა „ბაზაც“ ოთხ დაღუპულზე იტყობინება. მისი ინფორმაციით, აფეთქება მე-3 საამქროში მოხდა მოსკოვის დროით დაახლოებით 14:00 საათზე. აფეთქების შემდეგ შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, სწრაფად ჩააქრეს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ტასის თანახმად, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე „მოხდა აფეთქება, რასაც აალება მოჰყვა“. ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ლაპარაკი არ არის დივერსიაზე და აფეთქების მიზეზი იყო „ადამიანური ფაქტორი“.
ტამბოვის დენთის ქარხანა, როგორც მის ვებსაიტზეა ნათქვამი, „არის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო საბრძოლო მასალისა და სპეციალური ქიმიის მრეწველობაში. იგი აწარმოებს პიროქსილინის დენთებს ყველა სახის იარაღისთვის, ყველა კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის, რომლებიც არის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ავიაციის შეიარაღებაში“.
2022 წლის 23 ოქტომბერს პერმის დენთის ქარხანაში, პლასტმასის საამქროში, ხანძრის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მაშინ არ გამოუცხადებიათ.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.