მაღაროელებმა თბილისში, „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს
ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.
„ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალისწინებდა, მოლაპარაკების შედეგად შეამცირეს და ამჟამად 20%-იან მატებაზეც თანახმა არიან.
რამდენიმე ათეული გაფიცული მაღაროელი ჭიათურიდან დედაქალაქში 19 ივნისს ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს აქვთ ტრანსპარანტები: „ამოკერილი თვალითაც გხედავთ", „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს". ჭიათურაში მაღაროელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სწორედ პირი და თვალები ამოიკერა.
როგორც მაღაროელები აცხადებენ, თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ მათი პრობლემა გასცდეს ჭიათურის ფარგლებს. მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩებიან დედაქალაქში და გააგრძელებენ შიმშილობას.
გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
- ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
- ულუფის გაუმჯობესება;
- უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.