Edison Research: 90% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, 85% — ნატოში
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90% — ევროკავშირში, 85% კი ნატოში გაწევრიანებას ემხრობა.
ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, შესაბამისად, 10 და 15 პროცენტია.
გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ იქნება უზრუნველყოფილი მჭიდრო ურთიერთობებით დასავლეთთან, 13%-ის აზრით — რუსეთთან, ხოლო 9% ფიქრობს რომ არცერთთან.
84%-ის აზრით, რუსეთის აგრესიული რეაქცია საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მცდელობაზე გამართლებული არ არის.
ამავე გამოკითხვით, 94% ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. 64%-ის აზრით, „ქართული ოცნება“ საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად. მოსახლეობის უმრავლესობის მოლოდინია, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). საველე სამუშაოები 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა.
ცდომილების ზღვარი 3%-ია.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.