უკრაინის გენშტაბი - რუსების მიერ წუხანდელი თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 ივნისს ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„ღამით, რუსმა ტერორისტებმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია“, - აცხადებენ გენშტაბში.
ასევე, მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის 7 რაკეტა გამოიყენეს. სარაკეტო დარტყმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
შეგახსენებთ, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და რუსების მიერ გაშვებული თითქმის 20 საჰაერო ობიექტი განადგურდა. რუსებმა ლვოვში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში კი კომუნიკაციები და კერძო საკუთრება დაზიანდა, მაგრამ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.