"დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო. ასე "დაგუგლული“ მივედი მასთან" - დეპუტატ ანა ბუჩუკურის ინტერვიუ ოჯახზე, კარიერაზე, პოლიტიკაში წუწუნით მოსვლასა და ოთხფეხა მეგობრებზე
ის 33 წლისაა და უკვე საკმაოდ მდიდარი ბიოგრაფიით. კარიერული თვალსაზრისით ზრდას გამართლებას უმადლის, იმას, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა. "გულწრფელად რომ გითხრათ, ცხოვრებაში ორ რამეს არ ვუშვებდი - მემუშავა ძალოვან სტრუქტურაში და გავმხდარიყავი საჯარო პირი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, ერთმაც მომიწია და მეორემაც“, - ამბობს, მაგრამ მაინც მადლიერია, ვინაიდან ამ ყველაფერმა პროფესიულ ზრდაში შეუწყო ხელი. როგორც ამბობს, ბავშვობიდან დამოუკიდებელ და ბრძოლისუნარიანს მთის ხასიათი აქვს, ცოტა სიხისტეც ახასიათებს, რასაც მერე "მეგრული დიპლომატია შველის“. არც შინაგანი თავისუფლების ხარისხს უჩივის... მის ლიდერთან (ვისზეც "დაგუგვლით“ შეექმნა წარმოდგენა) საერთო ღირებულებებში თანხვედრით ხსნის იმას, აქამდე ერთად რომ მოდიან.
"გიორგის მენტორად აღვიქვამ, ბევრი რამ მისწავლია და დღესაც ვსწავლობ მისგან“, - ამბობს პარლამენტარი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა სამდივნოს ყოფილი უფროსი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - "საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური და ambebi.ge-სთან მისი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე ჰყვება.
- "დღემდე მამას გოგო ვარ...“
- დავიბადე თბილისში, 1990 წელს და დაახლოებით 1 წელი მომიწია სსრკ-ში ცხოვრება. 90-იანების ბავშვი ვიყავი, ამიტომ მთელი სიმძაფრით მახსოვს, რა გამოვიარეთ თითოეულმა ოჯახმა. ერთი ძმა მყავს, 4 წლით უფროსი.
მიუხედავად მძიმე პერიოდისა, მშობლებმა მოახერხეს და ბავშვობა ტკბილად დამამახსოვრდა. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ეს ძალიან მაკვირვებს. უშუქობის გარდა, პურის რიგებიც მახსოვს და ტალონებიც კადრებად, არა - შინაარსობრივად. მამა მხატვარ-რესტავრატორია და თვეობით უწევდა ექსპედიციებში სიარული, დედას დამხმარე არავინ ჰყავდა და ორი პატარა ბავშვით, ფაქტობრივად, მარტო უმკლავდებოდა ყველაფერს. დედა თერაპევტია, მაგრამ ჩვენს გამო გახდა იძულებული, არჩევანი შვილების სასარგებლოდ გაეკეთებინა - სამსახურზე უარი თქვა. მამას ძალიან საინტერესო პროფესია აქვს, ხშირად რისკებზეც წასულა იმისთვის, რომ ქართული ძეგლები და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გადაერჩინა. ჩემთვის ორივე მისაბაძია, ოღონდ, სხვადასხვა მიზეზის გამო. როცა მეუბნებიან, მამას ჰგავხარო, ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტია და მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის ვარ, დღემდე მამას გოგო ვარ.
ჩემი ძმა პირიქით, დედასთან უფრო ახლოს იყო. დედ-მამა ყოველთვის იდეალური მეგობრები იყვნენ, ასე ვთქვათ, პარტნიორები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, 6 კლასი 186-ე სკოლაში ვისწავლე, შემდეგ კი მე-6 გიმნაზიაში (ახლა 21-ე საჯარო ჰქვია) გადავედი. თუ სწორად მახსოვს, 9 კლასის ჩათლით სრულად ფრიადოსანი ვიყავი, მერე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით აშშ-ში წავედი და ერთი კლასი იქ დავხურე. დაბრუნების შემდეგ უკვე შერეული ნიშნები მყავდა. ზოგადად, მასწავლებელი ან ლექტორი თუ მიყვარდა, მის საგანს კარგად ვსწავლობდი, ვისაც თვალს ცუდად დავადგამდი, იმის საგანს - მოვალეობის მოხდის მიზნით. ასეთი ხასიათი მქონდა...
- რატომ ავირჩიე იურისტობა
- ბუჩუკურები წარმოშობით ხევსურები ვართ. ჩვენი სოფელი ხევსურეთში - ბუჩუკურთა დღეს, სამწუხაროდ, დაცლილია. სოფელი გვაქვს ტირძნისში, გორის მუნიციპალიტეტში, ცხინვალთან 7 კმ-ში. დედა მეგრელი მყავს - ადამია, სენაკელია, ნახევრად მეგრელი ვარ, მაგრამ ხასიათი მთის მაქვს. სიხისტეც მახასიათებს, თუმცა, როგორც მეუბნებიან, მეგრულ დიპლომატიასაც არ ვუჩივი. არ მიყვარს, როცა ვბრაზდები, მაგრამ ეს თუ მოხდა, ჩემს მტერს! ჩემს ოჯახს მაინც და მაინც არ უნდოდა ჩემი იურისტობა, თუმცა თსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ავირჩიე, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ჯიუტი ვარ, მაინც ჩემი გავიტანე. ადრე, სხვათა შორის, მამას პროფესიაზე - რესტავრატორობაზე ვფიქრობდი. ბავშვობაში ჩემი მშობლებისთვის ფული არასდროს მითხოვია, არ მომწონდა სხვაზე დამოკიდებულება. როცა გავიზარდე, გავაცნობიერე, მამას პროფესიას რომ გავყვე, მე არ ვიქნებოდი რესტავრატორი ანა ბუჩუკური, არამედ ვიქნებოდი რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის შვილი. მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ადამიანია, ჩემი დამოუკიდებელი გზა მინდოდა მომენახა, ამიტომ გადავიფიქრე. ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც თსუ-ში დავამთავრე და 2014 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში "ნიუ-ვიჟენ“ უნივერსიტეტში. დღეს ამ უნივერსიტეტში ვასწავლი, თან PHD სტუდენტი ვარ.
- "გამიმართლა - საჭირო დროს საჭირო ადგილას და სწორ ადამიანებთან მოვხვდი"
- ჩემი პირველი სამსახური განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იყო - უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, იქ ჩემმა ლექტორებმა დამასაქმეს, მათ გამიწიეს რეკომენდაცია, მათი მადლიერი ვარ. სხვათა შორის, ცხოვრებაში რაშიც გამიმართლა ისაა, რომ საჭირო დროს სწორ ადამიანებს შევხვდი, კარიერულად ასე მჭირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმას არ ვამბობ, რომ გამოწვევები არ მქონია, ბევრჯერ დავცემულვარ, რამაც მიმახვედრა, რამდენად დროებითია ყველაფერი - აღმავლობაც, დაცემაც, თანამდებობაც, ბენეფიტები და ყველაფერი. ამის გააზრება ახალგაზრდა ასაკში მნიშვნელოვანია, შემდგომში იგივე შეცდომები რომ აღარ დაუშვა. პასიურად პოლიტიკა სულ მაინტერესებდა, როგორც მოქალაქეს, უნდა იცოდე, შენს ქვეყანაში რა ხდება, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ცხოვრებაში ორ რამეს არ ვუშვებდი - მემუშავა ძალოვან სტრუქტურაში და გავმხდარიყავი საჯარო პირი. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, ერთმაც მომიწია და მეორემაც.
- "დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო“
- 2017 წლის დასაწყისში, როცა განათლების სისტემაში ვმუშაობდი (იურიდიულ სამსახურში სამართალ შემოქმედების სამმართველოს უფროსი ვიყავი. მანამდე ვიმუშავე სახალხო დამცველის აპარატშიც ), რაღაც გარემოებების გამო არ მომწონდა სამსახური და ცვლილებაზე ვფიქრობდი. ერთ მშვენიერ დღეს, თანამშრომელმა მითხრა, რომ ეკონომიკის სამინისტროში იყო ვაკანსია და მირჩია, ბედი მეცადა. მივედი გასაუბრებაზე, 2-ჯერ შევხვდი იურიდიული სამსახურის უფროსს, მოვეწონე და მინისტრთან შეხვედრა შემომთავაზა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა მინისტრი, ამიტომ ვიფიქრე, დავგუგლავ, სახელი და გვარი მაინც ვიცოდე-მეთქი. დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო. ასე "დაგუგლული“ მივედი გახარიასთან, ვერ შემხვდა, თანაშემწემ ბოდიში მომიხადა, ფიზიკურად ვერ გხვდებათ, მაგრამ გადაწყდა თქვენი აყვანა, გილოცავთ სამსახურის დაწყებასო. მერე ისე მოხდა, კვირაში ერთხელ გვიწევდა მინისტრთან სამართლებრივი აქტების ექსპერტიზების გავლა და ჩემს უფროსთან ერთად ავდიოდი მინისტრ გახარიასთან. ვინც გიორგის იცნობს იცის, რომ მას ძალიან უყვარს დეტალებში ჩასვლა-ჩაძიება, ზედაპირულობა მისთვის მიუღებელია და, შესაბამისად, სულ მომზადებულები შევდიოდით. მახსოვს, ერთხელ რაღაც კანონპროექტი გამოჰქონდა, ჩვენთან შეაფასა და შევეწინააღმდეგე, ჩემი აზრის ახსნა დავიწყე, გავმართეთ დისკუსია. ისეთი პერიოდია, მარტო სახელი იცის და ზოგჯერ ავიწყდება, რომ ანა ვარ, რიგითი თანამშრომელი. გიორგის სულ მოსწონდა თანამშრომლებთან ურთიერთობა, მარტო მენეჯმენტთან არა, რაც მენეჯერში ძალზე დასაფასებელია. ბოლოს ის თავის, მე კი ჩემს აზრზე დავრჩით და გავაგრძელეთ მუშაობა.
მას მერე გამოხდა ხანი, ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე ვართ მინისტრთან სამართლებრივ საკითხებზე და მეუბნება, - შენ დარჩიო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. გიორგი მეუბნება, შენზე მომიყევიო, კითხვებს მისვამს ოჯახზე, მეგობრებზე... ცდილობს, უკეთ გამიცნოს, ბლიც ინტერვიუსავით გამოუვიდა. ბოლოს მითხრა, კაი, ახლა გაიქეციო. ვერ მივხვდი, რა უნდოდა. ორ დღეში საინფორმაციოდან ვიგებ, რომ გახარია გადაჰყავთ შსს მინისტრად. დილით ვერაზე სახლიდან ეკონომიკის სამინისტროსკენ ფეხით მივკაკუნობ, გვერდით მანქანა ჩერდება და გიორგის მოადგილე მაწვდის ტელეფონს, ყურმილში გახარიას თანაშემწე მეუბნება, მინისტრი გიბარებს, პირდაპირ შსს-ში მოდიო. როგორც კი წავიდა, გიორგიმ თან წამიყვანა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედაც დავინიშნე, მალევე ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილედ გადამიყვანა. შსს დღემდე ჩემი საყვარელი სამსახურია, ეს წლები ყველაზე რთული, მაგრამ საინტერესო იყო. მერე გიორგი პრემიერად გადავიდა და, რა თქმა უნდა, იმავე დღეს მეც გავყევი - თავიდან პრემიერის აპარატის უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი.
- "წუწუნ-წუწუნით მივედი პარტიაში“
- კოვიდი ცოტა განელებული იყო და "ქართულმა ოცნებამ“ გადახალისების მიზნით ახალი სახეების ძებნა დაიწყო. ერთ-ერთი, ვისაც პრემიერმა რეკომენდაცია გაუწია, მე ვიყავი, ოღონდ, როცა ეს პირველად მითხრა, პარტიაში უნდა გაგესაუბრონო, ვუთხარი - არ მინდა-მეთქი. მანამდე ხომ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ პოლიტიკოსი არ გავხდებოდი და ამიტომ. მოკლედ, გახარიას გამოსდის ადამიანის დარწმუნება და წუწუნ-წუწუნით მივედი პარტიაში, გავიარე გასაუბრება, ტესტები, და "მუღამშიც“ კი შევედი, ნეტა, რამდენს გადავლახავ-მეთქი. ბოლოს მოხდა ისე, რომ გიორგიმ გამომიცხადა, შენ უკვე სიაში ხარ, გენაცვალეო. 2020 წლის დეკემბერში გავხდით პარლამენტარები და თებერვალში გიორგი გადადგა. მაშინვე ვფიქრობდი იქაურობის დატოვებას, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მხარდამჭერი, ის "ოცნება“ უკვე აღარ მომწონდა, ის პარტია აღარ იყო, რომელსაც თავის დროზე ხმას ვაძლევდი. "ოცნებიდან“ აპრილში გამოვედით და მერე ისე მოხდა, რომ მალევე გადავწყვიტეთ ახალი პარტიის - "საქართველოსთვის“ შექმნა.
- "მისგან ბევრი რამ მისწავლია და დღესაც ვსწავლობ“
- გიორგის უფრო მენტორად აღვიქვამ. როცა მასთან "დაგუგლული“ მივედი, მაშინ ჩემთვის მხოლოდ მინისტრი იყო. დრომ მოიტანა და ამ ადამიანს ჩემს ცხოვრებაზე დღემდე დიდი გავლენა აქვს, არა მხოლოდ კარიერული ზრდის თვლასაზრისით, მისგან ბევრი რამ მისწავლია და დღესაც ვსწავლობ. თქვენ რომ გენახათ ანა გიორგი გახარიამდე და მას მერე, ის აბსოლუტურად განსხვავებულია, ამ წლების განმავლობაში ძალიან გავიზარდე. ამიტომაც აღვიქვამ მას მენტორად. რატომ ამირჩია? სხვათა შორის, ჩვენს გუნდში გამონაკლისი არ ვარ, ბევრს აქვს მსგავსი ისტორია - ნათიას, ბექას, მიშას... გიორგის გარშემო ბირთვი ვინცაა, ყველა სხვადასხვა დროს შემოკრებილი, ამასთანავე, მისთვის უცხო ადამიანები არიან. ვფიქრობ, იმიტომ დავამახსოვრდი, თავის დროზე წინააღმდეგობა რომ გავუწიე, მერე დამაკვირდა, შემისწავლა... გიორგის ზოგადად უყვარს ახალგაზრდობა, ის უბრალოდ უფროსი არაა, სიამოვნებას იღებს იმით, რომ გზრდის. ბევრი მიზეზის გამო ვცემ გიორგის პატივს და ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულება, რასაც გახარიაში ვხედავ, ეს არის შინაგანი თავისუფლების ძალიან დიდი ხარისხი - არა კომპლექსები, არა - თანამდებობას გამოკიდება და მასზე დამოკიდებულება.
- ლაქი, კოჭლიკო და კიდევ - ორნი
- ციმბირული ჰასკი - ლაქი ჩემთვის დადებითი ემოციების წყარო და ჩემი თერაპევტია. სამი კვირის იყო, როცა მაჩუქეს, ახლა მე-8-ე წელშია. მის გარდა, კიდევ სამი ძაღლი გვყავს. როდესაც პანდემია დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა, ჩვენთან, საგურამოში (ეზო ჯერ შემოღობილი არ გვქონდა), მოვიდა კოჭლი, გაუბედურებული ძაღლი, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, ყელზეც, სავარაუდოდ, მავთულის ნაჭდევი ჰქონდა, როგორც ჩანს, ახრჩობდნენ. მამა და ძმა მაშინ საგურამოში იყვნენ ჩაკეტილები, აჭამეს, ასვეს და სააქაოს მოაბრუნეს. ძაღლი თავიდან აგრესიული იყო, სავარაუდოდ, ადამიანებისგან სიმწარე ახსოვდა... ძაღლს კოჭლობის გამო კოჭლიკო დავარქვით. მერე მოხდა ისე, მამაჩემმა ღობე რომ გააკეთა, კოჭლიკო ღობის შიგნით მოხვდა, ანუ შინ დავიტოვეთ. კოჭლიკო ეპილეპტიკია, მაგრამ უსაყვარლესი, აგრესიამ სრულად გადაუარა და არის ფისოსავით. გარდა ამისა, ეზოს გარეთ ორი მოკედლებული პატარა ძაღლიც გვყავს, მამამ მათ სახლი გაუკეთა, ვუვლით, დაგვყავს ვეტთან და ა.შ. ლაქი მათთან არ მეგობრობს, როგორ იმეგობრებს, როცა მიიჩნევს, რომ ძაღლი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანია, ზოგადად, ძალიან დომინანტურია, სხვებს ზემოდან უყურებს და ფიქრობს, - ესენი ვინ მომითრიეს ოჯახშიო.
- "წესად მექცა თვითმფრინავებში და აეროპორტებში კითხვა“
- ბევრი რამ მიტაცებს - მუსიკა, კინო, მოგზაურობა თავის აეროპორტ-თვითმფრინავიანად. ბოლო დროს, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, წიგნებს ვეღარ ვკითხულობ, ამიტომ მოგზაურობისას ჩანთაში მუდმივად მიდევს წიგნი და წესად მექცა, თვითმფრინავებში და აეროპორტებში უნდა ვიკითხო. სასაცილოა, რომ სანიშნედ ვიყენებ ბოლო ბილეთის Boarding pass (ჩაჯდომის ბილეთს). ახლაც, რემარკს ვკითხულობ და სანიშნედ ბოლოს სადაც ვიყავი, იმის ბილეთი მიდევს, ესეც რაღაცნაირად სიმბოლურად ვაქციე ჩემს ცხოვრებაში.
ძალიან ტურბულენტურ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ოპტიმისტი ვარ. რომ არ მწამდეს, იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. მჯერა, რომ ამ ქვეყნის რუსეთისკენ შემობრუნება შეუძლებელია. დღეს ნიჰილიზმი და ტურბულენცია დიდია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან, მაგრამ უარესებიც გამოგვივლია. ოპტიმიზმის გარდა, ლოგიკასაც ვიშველიებ და ვრწმუნდები, ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ეს მალე და უბრძოლველად არ მოვა.
ambebi.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.