კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა
უკრაინაში, კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის ხელისუფლებასა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. „ხელისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაშხლის განადგურებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაკარგულად ითვლება, ხერსონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელმძღვანელის, ანდრეი ალექსეენკოს განცხადებით კი დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დატბორილი ტერიტორიებიდან 3 614 ადამიანის, მათ შორის 474 ბავშვის, ევაკუაცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, კახოვკას კაშხალი 6 ივნისს, აფეთქების შედეგად ჩამოიშალა. კაშხლის განადგურებამ ათობით დასახლებული პუნქტის დატბორვა გამოიწვია და როგორც უკრაინის მიერ კონტროლირებადი, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.