არასამთავრობო ორგანიზაციები - დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია - მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ დანაშაულები და დასაჯონ დამნაშავეები
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბორჯომსა და თბილისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები, ასევე კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები, - ამის შესახებ 37 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა, აშკარად, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია.
„2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „Institute For Individual Liberty“-ის მიერ გამართულ ბანაკს მოძალადეებმა ესროლეს ქვები, წითელი საღებავები, აგინეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში. ერთ-ერთმა მოძალადემ სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს გენიტალიებიც უჩვენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმხილველების ცნობით, ძალადობას, სულ მცირე 40 წუთი, რეაგირების გარეშე ტოვებდა.
ასევე, დღეს თავს დაესხნენ „გირჩი - მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში, ამავე ბანაკში, ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა.
ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სალექციო აუდიტორიის გარეთ მშვიდობიანად, ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა, აშკარად, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.
არასრულწლოვნებზე თავდასხმა არის სამარცხვინო საქციელი, რომელსაც მხოლოდ სუსტი და შეშინებული ადამიანები მიმართავენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს: „აფხაზური ამბები“; „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“; „ახალგაზრდული გაერთიანება We talk“; „დემოკრატიის მცველები“; „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი“; „დემოსი“; „თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება“;“თბილისი პრაიდი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; “კომლი“, „ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი“; “მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“; „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“; ‘მშობლები განათლებისთვის“; „პროფესიო“; „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“;“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”; „ სალამი“; “ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“; „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“; ‘სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“; „სასამართლოს გუშაგი“; „საფარი”; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“; „ფემეა“; „ფემინა“; „ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო“; „ჩემი იმერეთი“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „წერტილი“; „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“; „უფლებები საქართველო“; „მწვანეები“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.