Jump to content
Planeta.Ge

ბათუმელი შშმ გოგოები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მკლავჭიდი


მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

დღის ბოლომდე კი, როგორც მკლავჭიდის ფედერაციაში გვეუბნებიან, კიდევ 5 ოქროს ელიან.

მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა.

„ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია და პირდაპირ ევროპაზე გავიყვანეთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ფედერაციის ხელმძღვანელი გოჩა შავაძე.

mklavchidelebi.jpg

ფოტოზე: მარი აბაშიძე და მარი ნოდია

მისი თქმით, მარი აბაშიძის ძმაც მკლავჭიდელია, ამიტომ სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი მაღალი აქვს მარისაც.

„ზოგადად, შშმ ბავშვები ადვილად ითვისებენ სპორტის სახეობებს, ძალიან ძლიერები არიან.

მარინე ფუტკარაძეც შშმ გოგოა, ძალიან წარმატებული მკლავჭიდელი და მსოფლიოს 8 გზის ჩემპიონია.

მარის მსგავსად ისიც ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და დღეს, 15 ივნისს, დღის ბოლომდე კიდევ ველოდებით მეორე ოქროს მისგან“, – ამბობს გოჩა შავაძე.

putkaradze-nodia.jpg

მარინე ფუტკარაძე და მარი ნოდია – ევროპის ჩემპიონები მკლავჭიდში/2023 წელი

ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს ზვიად სულიკაშვილმა (მსოფლიოს 6 გზის ჩემპიონი) და ნათია ჩხაიძემაც, რომლებიც ასევე შშმ პირები არიან.

ორი ოქროს მფლობელია მარი ნოდიაც, თუმცა ის არ არის შშმ პირი.

ევროპის 32 ქვეყანა მონაწილეობს მკლავჭიდის ჩემპიონატზე, რომელიც 4 დღეა მიმდინარეობს და კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

აჭარიდან სულ 6 სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან 4 პარასპორტსმენია.

მკლავჭიდელების მწვრთნელი თემურ ლიპარტაშვილია.

__________________

მთავარ ფოტოზე: მარინე ფუტკარაძე და მარი ნოდია

ბათუმელები ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...