პაველ ჰერჩინსკი - დეოლიგარქიზაცია 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია - საქართველოში უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება
ველით, რომ საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის საკითხს - უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩს შეკითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც „რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს გარკვეულწილად ხელი შეუწყო აშშ-ის ელჩის არასწორმა ინფორმაციამ, თითქოს ვენეციის კომისიიდან უკრაინული კანონი გამოწვეული იყო - ელჩის მაშინდელმა განცხადებამ ცუდი როლი შეასრულა და პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი“.
„მე, როგორც წესი, არ ვაკეთებ კომენტარს სხვების კომენტარებზე. ის, რაც მინდა ვთქვა, არის, რომ დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი 5. ეს პრიორიტეტი შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე, შარშან. ველოდებით, რომ საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხს. ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მრავალი სხვა ქვეყნის, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ქვეყნების პრობლემაა. ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, კერძოდ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ არის სწორი მიდგომა, რომ უამრავ რისკს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოველით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი და სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ სხვადასხვა რამეს, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს არის ანგარიშვალდებულება, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება, ეს არის არჩევნების დაფინანსება, ეს არის მედიის თავისუფლება, ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, ეს არის მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ასე რომ, უნდა შეიქმნას მთელი გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება და ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ელიტების მიერ არჩეული გზა“, - აღნიშნა ელჩმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.