Jump to content
Planeta.Ge

შოთა ბურჯანაძე - რუსეთიდან საქართველოში ფრენების ფასი არასწორად გაითვალა - იმხელა ფასებია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გადმოფრენის სურვილი ჰქონდათ, ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ


„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, 2023 წელს შავი ზღვის პირას დამსვენებელთა რაოდენობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის მიერ უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, დიდია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა.

„მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა, ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი საუკეთესო წელი იქნება სხვა წლებთან შედარებით. მაგრამ აქ გარკვეული დაბრკოლებები წარმოიშვა, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით არსებობს. ობიექტური მიზეზი ისაა, რომ დღემდე ტურისტულ სეზონს ამინდები ხელს არ უწყობს; რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, რომელიც ჩემი აზრით, უფრო გრძელვადიან ომად განიხილება, ვიდრე მოკლევადიანად. ეს ყველაფერი ტურისტულ განწყობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან კახოვკის ჰესის აფეთქება, შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის პირას დამსვენებელთა რაოდენობისთვის დამაბრკოლებელი გახდება. ეს ჩვენს ქვეყანაზე შეიძლება პირდაპირ აისახოს.

რაც შეეხება კადრების დეფიციტს, ეს სირთულე და გამოწვევა გადალახული არაა და დანახული მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება. ეს საკითხი თბილისში უფრო პრობლემატური იქნება იმიტომ, რომ სამუშაო მუშახელის კურორტულ ზონებში ემიგრაცია ხშირად მიმდინარეობს, შესაბამისად, თბილისს დამატებით მუშახელი აკლდება. ის ფაქტი, რომ აქ სტაბილური მუშაობა მეტ შესაძლებლობას აძლევს მათ, ვიდრე მიგრაცია, [მათი მხრiდან] გათვალისწინებული არაა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესმა, მიუხედავად ტურისტების რაოდენობის ზრდისა, უნდა გაითვალისწინოს, რომ არავითარ შემთხვევაში ამ მიზეზით ფასები არ გაზარდოს.

„სამწუხაროდ, რუსი ტურისტების გამოჩენისთანავე, რიგ შემთხვევებში, გარკვეულ ადგილებში ფასები გაიზარდა და ეს შეუსაბამოა. ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფრენების ფასებიც არასწორად გაითვალა. იქაც იმხელა ფასებია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გადმოფრენის სურვილი ჰქონდათ, ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ. იქ, სადაც რუსეთიდან ფრენა ერთ ადამიანზე 400-500 დოლარია, მათთვის მისაღები ისევ ლარსით გადმოსვლაა. გაუგონარი და წარმოუდგენელია ავიაკომპანიების ასე დახარბება. თითქოსდა, საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევდნენ და, რეალურად, ამ სიხარბის გამო, პირიქით, მათ პრობლემებს უქმნიან“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, მან ე.წ. გასტარბაიტერების შემოყვანის თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს საკითხი გარდაუვალია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის განვითარების პროცესი იმ ტემპით წავა, რა ტემპიც დღეს არსებობს“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...