Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად - რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა, ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს


შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად.

„რაც შეეხება ხატია დეკანოიძის შეკითხვას შანტაჟთან და პრეზიდენტზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია - „ჩვენ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ“. კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად თუნდაც ის ფაქტი, რომ ვეტოს დაძლევა/არდაძლევის საკითხი კამათის საგანი გახდა და ამით შემოთავაზება იყო, რომ თუ იმ კანდიდატს წარვადგენდით, რომელიც მმართველ გუნდს სჭირდებოდა მაშინ ვეტო დაძლეული არ იქნებოდა, სწორედ აქედან ჩანს მმართველი გუნდის დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტისადმი“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ამასთან, როგორც მსხილაძემ აღნიშნა, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

„რაც შეეხება იმ ზარალს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს, ეს იქნება ფინანსური თუ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში, ალბათ ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაც საკმარისია, რომელიც მათ გუშინ და წინა დღეებში დააფიქსირეს. მოგიყვანეთ ეროვნული ბანკის მაგალითიც, თვითონ ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელდეს. ხოლო, რა ზიანი მოჰყვება ამას ფინანსურად და პოლიტიკურად, ამის შესახებ მე წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, ამას დრო გვიჩვენებს, დღეს პასუხი ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა მსხილაძემ.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას, როგორც საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, ხუციშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილებოდა ეროვნული ბანკის წევრობის პოზიციაზე, უბრალოდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“.


იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...