Jump to content
Planeta.Ge

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს


ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებული მაღაროელებმა პროტესტის მეშვიდე დღეს, 12 ივნისს გვიან ღამით შიმშილობა დაიწყეს. 

ამის მიზეზი, მაღაროელების თქმით, კომპანიის მხრიდან მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გახდა. შიმშილობა 9 მაღაროელმა დაიწყო. შიმშილობის დაწყების შესახებ გვიან ღამით ისაუბრეს მაღაროელებმა “მაუწყებელთან”. 

კომპანიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა მაღაროელებმა გუშინ დღის ბოლომდე მისცეს. 

“ეს არ ყოფილა უეცარი გადაწყვეტილება, ამას ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ არ ვფიქრობდით, რომ დღეს აუცილებლად შიმშილს დავიწყებდით. ამას ხელი შეუწყო იმ განცხადებამ, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა” გამოაქვეყნა. ეს  არის ზუსტად იგივე, რასაც ჩვენ ვაპროტესტებდით. არანაირ დათმობებზე არ წამოსულან”, – განუცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა “მაუწყებელს” შიმშილობის დაწყების შემდეგ. 

ჭიათურაში „ჯორჯიან მანქანეზის“ მაღაროებში დასაქმებულები უკვე მეეშვიდე დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 11 ივნისს ისინი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა, როგორც მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა უთხრა „ნეტგაზეთს“, შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა.

თეიმურაზ სურამელაშვილის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე კომპანიას დასაქმებულებისთვის ახალი პირობები არ შეუთავაზებია.

“დამსაქმებელმა გააცნო პირობები, რომლის თანახმადაც ისევ 8-საათიან ცვლას სთავაზობდა, რაც მიუღებელია დასაქმებულებისთვის. შეთანხმება ვერ შედგა ამ შეხვედრაზე”, — უთხრა ნეტგაზეთს სურამელაშვილმა.

ნეტგაზეთი 12 ივნისს  “ჯორჯიან მანგანეზსაც” დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დასაქმებულებთან “კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი გრძელდება”:

“დღეს გაიმართა მორიგი მოლაპარაკება, კომპანიამ გააცნო პირობები, ნაწილისთვის მისაღებია, ნაწილისთვის არა, შესაბამისად, გრძელდება მოლაპარაკებები”, — განმარტეს კომპანიაში.

მაღაროელების პროტესტის მიზეზია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მიმდინარე წლის თებერვალში სამუშაო გრაფიკის ცვლილება. პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ ღირსეულ ანაზღაურებას. სურამელაშვილის განმარტებით, დასაქმებულები ითხოვენ, რომ ხელფასი მოპოვებული ნედლეულის ტონების მიხედვით გადაუხადონ.

გარდა ამისა ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების მოთხოვნაა: შრომის უსაფრთხოების დაცვა, აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება, სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა და ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.

სურამელაშვილის თქმით, ამ დროისთვის მაღაროების უმეტესი ნაწილი არ მუშაობს:

“ძირითადი მოთხოვნა არის, რომ სამუშაო ცვლების გრაფიკი არ შეიცვალოს. როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაუდგა დამსაქმებელს, პროფესიულ კავშირებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში დამსაქმებელმა ვალდებულება იკისრა და [გაჩერებული საწარმოს პირობებში] დასაქმებულებს ხელფასის 60%-ს მაინც უხდიდა.

ახლა, როცა დასაქმებულთა ნაწილი სამუშაოდ გამოიძახეს, დამსაქმებელს უნდა, რომ დასაქმებულებმა არა 12-საათიანი გრაფიკით, არამედ 8-საათიანი გრაფიკით იმუშაონ მაღაროზე“, – ამბობს თეიმურაზ სურამელაშვილი.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...