ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს
ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს:
ეფექტური კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა; ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა, იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება; საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა - ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება.
ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, მათ შორის ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
"ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ კერძო პირის ხელში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კონცენტრირების საშიშროება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და შემოიღო ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს ამ კონცენტრირების გამანადგურებელი ზემოქმედება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე. ამ სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ გადაწყვიტა ებრძოლოს ოლიგარქიზაციის დესტრუქციულ გავლენას „პირადი მიდგომით“, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მომზადებით. ეს "პირადი მიდგომა" მიმართულია ადამიანების „ოლიგარქებად“ იდენტიფიცირებაზე გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიც არის სიმდიდრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა (და ა. შ.), და უწესებს რიგ შეზღუდვებს. მიუხედავად იმისა, რომ გადახედილ ვერსიაში შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, ამ კანონპროექტით პოტენციური პოლიტიკური გადამეტება და დებულებების გამოყენება კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური გადაწყვეტა არ არსებობს და განსაკუთრებულ, უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაგალითად ხელისუფლების დამხობის დროს, პირადი ხასიათის რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება გამართლებული აღმოჩნდეს დროებით და საგანგებო საფუძველზე",- აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისია თვლის, რომ ეს უნდა იყოს „სისტემური მიდგომის“ დამატება და არა ალტერნატივა.
"ეს ზომები შემუშავებული უნდა იყოს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით, კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით. ამჟამად კანონპროექტი არ შეიძლება განიხილოს დემოკრატიულ და ეფექტურ პასუხად. დეოლიგარქიზაციის შესახებ ასეთი კანონმდებლობა შეიძლება გახდეს სახიფათო ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის", - ნათქვამია დასკვნაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.