Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    407.932

სიბერის გემო და მარტოობის სუნი ფრაგმენტი სერიიდან – "ჩვენც დავბერდებით..."


katya

3.293 views

blog-0782812001373114366.jpgყავა შემოგველიაო, გაგვიცივდაო, დაგვიძველდაო...

რაღაც ყველაფერი ერთად და ცალ–ცალკე ალბათ...ავირიე... სიცხის ბრალი არაა, ალბათ უფრო სიცხადის...

 

2 დღის წინ "მუსკომედიასთან" მეგობარს ველოდებოდი. 24–ე სკოლასთან შუახნის მამაკაცი და მის მხარზე მიყრდნობილი , დაქანცული უსაყვარლესი 10–12 წლის გოგონა შევნიშნე. მამაკაცს მუყაოზე კუსტარულად გაკეთებული ფოტო–კოლაჟი ქონდა მუხლებზე ჩამოდებული. ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა, გადავედი. ახალი არაფერი – მამა–შვილი ავადმყოფი ქალბატონის მკურნალობისთვის დახმარებას ითხოვდა. გამვლელები მიდი – მოდიოდნენ, წამიერად ჩერდებოდნენ, ოხრავდნენ ან ინფანტილურ მიმიკას „კერავდნენ“ ... ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი თბილისური დრო, დღე, რეაქცია და სიტუაცია...

საფულე მოვიქექე, 2 ცალი რკინის ორლარიანის გარდა არაფერი იყო, გამოლაპარაკებაც მომერიდა... მერე გამახსენდა, ნიკასთვის ნაყიდი „სნიკერსი “ რომ მედო ჩანთაში. უხერხულად გავუწოდე პატარას. იმანაც უხერხულად მიპასუხა – არ მშიაო!

–გშია! იყო მამის პასუხი. გოგონამ შოკოლადი გამომართვა. ბოდიშის მეტი, ვერაფერი მოვახერხე. სასწრაფოდ გაცლა მომინდა... ქუჩის მეორე მხარეს მეგობარი მანქანიდან აკვირდებოდა ჩემს უაზრო ბოდიალს... ისე ჩავჯექი, არაფერი უკითხავს.

ხასიათგაფუჭებულმა დაძრა მანქანა, ერთი ის გავიგონე, როგორ მითხრა – გამოუსწორებელი გიჟი ხარო!

ალბათ ვარ...

არც თქვენ იქნებით ნაკლები გიჟები, თუ წლების შემდეგ ამ გოგონას ბავშვობის მოგონებებს წარმოიდგენთ, რომელსაც ჩემი მიცემული სნიკერსი, ვერაფრით გაატკბილებს...

ბავშვის აღზრდა ადამიანობის ოკეანეში ცურვის სწავლას გავს. პრობლემა ისაა, რომ, დრო და დრო, არც ისე იშვიათად, ჩვენგან „განსწავლულებს“ სიავის და უხამსობის ჭაობში ჩაყურყუტებაც მოუწევთ...

უკვე ვიცი, რომ ადამიანად დარჩენას არაადამიანური ძალა ჭირდება...

ხორცი სამყაროსთან მიმართებაში, მაინც "მალფუჭადი პროდუქტია." დრო ყველაფრის მკურნალიაო ... ჰო, გვამებს ტკივილები აღარ აწუხებთ...

მაგრამ გვამამდე ?..

ზოგჯერ გინდა და მიდიხარ ყველასგან შორს. მარტოობაშიც ზოგჯერ არის საშველი. გადის დრო და ხვდები, რომ ასე წყვეტ სიცოცხლეს, მხოლოდ არსებობ სადღაც, თითქოს შენთვის და არავისთვის. მერე გიბრუნდება სურვილი დაბრუნების და ცხოვრების თავიდან დაწყების – პირველი ჩასუნთქული ყლუპი ჟანგბადით და ამოსუნთქული კივილით...

ბანალური ფრაზები ბანალური პროლოგით და ეპილოგით - სადღაც, ოდესმე, ვინმესთან, როგორღაც, რაღაც გამოვა...

„რაღაცას“ ყველა თავის სახელს არქმევს, „რაღაცის“ ყველას საკუთარი განზომილება გვაქვს – სტაჟის, დამსახურების და გემოვნების მიხედვით.

2 კვირის წინ ვიყავი იქ, სადაც, ალბათ, ყველაზე ადვილად პოულობენ სულს, რადგან სხეულისგან მხოლოდ ალაგ–ალაგ შერჩენილი ნაკუწებია...

მას შემდეგ ვცდილობ ამაზე დავწერო, მაგრამ, ვიწყებ და ვერ ვასრულებ.

რა არის ეს, სიბერის და მარტოობის შიში? და აბა რა უნდა თქვან მარტოხელებმა?..

ჯერ მედიცინას არ გამოუგონია მიქსტურა „ბებრული მარტოობისგან“.

ვიღაცას ბეზრდები, ვიღაცისთვის პრობლემა ხარ, ვიღაცისთვის ზედმეტი...

და ერთ „მშვენიერ“ დღეს თუ აღმოაჩენ, რომ ეს „ვიღაც“ საკუთარი შვილია, მერე?

რა ხდება მერე?

ის რაც ხდება მერე, ვნახე სწორედ იქ, თბილისის გარეუბანში, დიდი დიღმის ერთ მყუდრო ადგილას. ამ შენობის კრიალა ფანჯრებიდან მხოლოდ სიმწვანე ჩანს, ფიქრებით და მოგონებებით გაჭაღარავებული სიმწვანე. ალბათ ზამთარში იქ უფრო მეტი მარტოობაა.

გამიჭირდება იქ მისვლა ზამთარში.

 

ახლა ზაფხულია. ფართო და მყუდრო ეზოში ვარდის ბუჩქები ყვავიან. ბუჩქებზეც კი ყვავილადქცეული სამი დროა – კოკრები, ბოლომდე გაშლილი და გამომწვევი, ჭკნობაშერეული და მიმალული.

 

„აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი,რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი,შემწყნარებელნი..“

 

საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობას აქვს შედეგის ალბათობა. სიბერეს ვერ გაექცევი, პლასტიკური ქირურგიის, სულის ყვავილობის და გარდერობის მიუხედავად.

 

მიყვარს სამთაობიანი ოჯახები. სხვა სითბოა იქ. დედა და მამა ყოველთვის მკაცრობენ, ბებიები და პაპები ადვოკატებისა და უფლებების დამცველის მანტიაში და პოზაში. საყვარლები, ბუზღუნები და პრეტენზიულები – ტექსტით – აი ჩვენს დროს.... და იწყება!!!

ასეთ შემთხვევაში არსებობს რეაგირების 2 ვარიანტი – თბილი ღიმილი, ან უფრო თბილი ირონია – რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!..

ჩემი უახლოესი ადამიანი ჯერ კიდევ შუა ხნის ასაკში გახდა ოჯახისთვის ზედმეტი. საკუთარი სახლიდან შვილის ოჯახს გარიდებულმა, კარგახანს იცხოვრა მარტომ –მეგობრის ბინაში. მერე მეგობარს ბინა დასჭირდა და ისევ შვილმა „შეიფარა“ იძულების წესით. ამბის მოყოლისას უნებურად წამოცდა – როცა გოგოების(ანუ შვილიშვილების) მეგობრები მოდიან, მე საძინებელში შევდივარ და აღარ გამოვდივარო, ხშირად მშიერიც ვიძინებო...

შვილები ფეხზე დააყენეთ? დარწმუნებული ხართ რომ ისევ თქვენს ფეხებს ან ნაფეხურებს არ ტკეპნიან?

ესეც ჩემი ნაქები სამთაობიანი „ტკბილი ოჯახი“...

ასეთ დროს, ალბათ ისევ იმ გარიყულ მყუდროებაში უკეთესია... იქ, სადაც ყველა ერთი განრიგით ცხოვრობს, ერთნაირი დღის რეჟიმით, განსხვავებული წარსულით და ისტორიებით. „წინა ცხოვრებიდან“ გადმოყოლილი შეგრძნებებით...

თუმცა, უკვე უარის თქმა უხდებათ საჭმელზე,რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდათ, ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულსაც იშვიათად განიცდიან. თუმცა, იმ მიკრო–სამყაროშიც მიდის კონკურენცია პირველობისთვის, სასურველობისთვის. იქაც ქალბატონების სიჭარბეა და მათი ყურადღებით შეღონებული მამაკაცები იქაც იბნევიან და ოხრავენ... ოხრავენ უძლურებისგან, დაჩლუნგებული გრძნობებით იბრძვიან მოდუნებული კუნთების წინააღმდეგ.

დაუპატიჟებლად მოსული ტკივილი, განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ხანგრძლივი და საშინელი – ეს მწარე სინამდვილეა.

მოხუცთა სახლი „ბეთელი“ – რა უნდა გამხსენებოდა ამ შენობის დერეფეანში მიმავალს? რა თქმა უნდა ჰესეს „ჭაღაროსნები“..

43 მოხუცი აქ მარადიულობაში გარდასახვას ელის. შეგუება გიყურებს მათი თვალებიდან. ყველას თავისი ოთახი აქვს, ყველა თავისი ოთახიდან აკონტროლებს პერიმეტრს, ჰორიზონტს, შენობაში მიმსვლელ–მომსვლელთა ნაბიჯების ხმას.

„სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს, უნდა უთხრა: „დიახ“. ამ „დიახის“ (დასტურის) მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას,რასაც ჩვენგან ბუნება ითხოვს, ჩვენ _ მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები _ ვკარგავთ ჩვენს დღეთა ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ.

...მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს...“ (ჰერმან ჰესე, "სიბერე")

 

ადამიანი ბერდება არა მაშინ, როცა წლებს მიითვლის ანგარიშზე, არამედ მაშინ, როცა სიახლის, აღფრთოვანების, ცხოვრების სიყვარულის შეგრძნებას კარგავსო, სადღაც წამიკითხავს.

სიბერე მაშინაა საგრძნობი, როცა აზრები მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან...

ისე, სკლეროზსაც აქვს თავისი ხიბლი – ყველაფერი გავიწყდება და მერე ყველაფერი სიახლე და აღმოჩენა გგონია...

 

ასაკში სულ უფრო ნაკლებად ჩნდება ურთიერთობების გარკვევის სურვილი. უბრალოდ გინდა ყველას უსურვო კარგად ყოფნა და წახვიდე...

დღეს ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს სცხვენიათ იმის, რომ ისევ იმის სცხვენიათ, რისიც ადრე სცხვენოდათ და მე მიყვარს ასეთები...

ალბათ ყველაზე ცუდი გრძნობაა, როცა გრძნობ, რომ გივიწყებენ იმიტომ, რომ შენგან არავის აღარაფერი უნდა...

ზოგადად, ყველაზე დიდხანს ისინი ახსოვთ, ვინც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ივიწყებდა.

 

სიბერის გემოც და მარტოობის სუნიც მოგონებების სანელებლებით იკმაზება.

მიყვარს დარიჩინის, დამწვარი კარამელის, „ტაბლეტა“ ნაფტალინის, ნატეხ შაქარზე დაწვეთებული კატაბალახას, ჭიისგან გამოფქული კედრის ბუფეტის, მუყაოზე დაწებებული შეყვითლებული ფოტოების, მზეზე გამშრალი გახამებული და ღრაჭუნა თეთრეულის, კაკაოიანი გოგლი–მოგლივით ერთმანეთში გათქვეფილი სუნი...

 

ყველაზე უკეთ მაშინ კი არ ხვდები, რომ გაიზარდე, როცა დედის რჩევას ყურს აღარ უგდებ, მაშინ, როცა ხვდები, რომ დედა მართალი იყო...

 

ღმერთო! გადაურჩინე იმ მამასჩახუტებულ გოგონას დედა!..

და ჰქონდეს თუნდაც მწარე შოკოლადის გემო მის სიბერეს მარტოობაში...

ყავამშვიდობისა...

 

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

კატო შენს "ყავამშვიდობის"-ებს შორის მემგონი ეს ყველაზე სევდინი ყავა იყო :( ცრემლმორეული ვკითხულობდი :) სიბერე გაცილებით უფრო ახლოს არის ვიდრე გვგონია,

ცხოვრება ბევრად უფრო ხანმოკლეა ვიდრე გვინდა რომ იყოს.

ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, როგორც უკანასკნელი და როდესაც მართლა მივაღწევთ იმ ბოლო დღემდ...

გაცილებით იოლი იქნება არსებობის შემდეგ ეტაპზე გადასვლა,

გაცილებით ნაკლებ დაუსრულებელ საქმეს დავტოვებთ და

გაცილებით მარტივად შეველევით სააქაოს

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ცხოვრება წუთისსოფელია. ღმერთო უშველე ადამიანებს <3

მადლობ კატო ამ ემოციებისათვის :*

ლინკი
ქალბატონო ლელა, არცთუ ძნელი სააქავოს დატოვების და სინანულის განცდა, თუ ახალგაზრდობაშივე გაიაზრებთ ;) ნუ რაც შეეხება კატოს, სხვა რაიმე თემაზე წერს ნაკლებ ემოციებმომგვრელად ვითომ :)
ლინკი

ქალბატონო ლელა, არცთუ ძნელი სააქავოს დატოვების და სინანულის განცდა, თუ ახალგაზრდობაშივე გაიაზრებთ ;) ნუ რაც შეეხება კატოს, სხვა რაიმე თემაზე წერს ნაკლებ ემოციებმომგვრელად ვითომ :)/>

ლინკი
×
×
  • შექმენი...