Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის ინიციატივით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი გამოიყენონ


ევროკავშირის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ორგანიზაციას, უარი თქვას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ერთსულოვნობის პრინციპზე და უფრო ფართოდ გამოიყენოს კენჭისყრა კვალიფიციური უმრავლესობით.

საერთო პოზიციით გამოვიდნენ გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

განცხადებაში მინისტრები აღნიშნავენ, რომ ისინი არ გამოდიან წინადადებით ევროკავშირის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, არამედ სთავაზობენ პრაგმატულ მიდგომას, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგრესიული ომის დაწყების დროს ევროკავშირმა დაამტკიცა თავისი მოქმედებების უნარიანობა. ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის მხარდაჭერით დიპლომატიურად, ფინანსურად და ასევე დახმარებით სამხედრო სფეროში, რუსეთისგან ენერგოდამოკიდებულების შემცირებით და უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის მკაფიო პერსპექტივის შეთავაზებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრების განმარტებით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქმედების უნარიანობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კრიზისის დროს და, რადგან, ევროკავშირი გაფართოების გზას ადგას, წარმატებული ევროპული ინტეგრაცია მისი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას საჭიროებს.

"ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებათა უმრავლესობა მიღების პროცესში ერთსულოვნებას საჭიროებს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში აფერხებს ჩვენი მოქმედების უნარიანობას. ამ წესების საწინააღმდეგოდ და არა წყალობით, ჩვენ შევძელით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტის მიღება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის, წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების საპასუხოდ", - განმარტეს მინისტრებმა.

ამასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა შესთავაზეს ევროკავშირს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო ფართოდ გამოყენებულ იქნეს „კონსტრუქციული თავშეკავება“.

აღნიშნული პრინციპი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა მაშინაც, როდესაც ერთ-ერთი სახელმწიფო გამოდის კონკრეტული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მაგრამ არ ეწინააღმდეგა მის მიღებას და, აქედან გამომდინარე, არ აჩერებს სხვა 26 წევრს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...