Jump to content
Planeta.Ge

„არ გვიშვებენ სახლებში" - რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე


აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ობსერვატორიის ტერიტორიაზე სახლებში შესვლას მოითხოვენ. მათი თქმით, სამეცნიერო სივრცის დირექტორმა მათ განუმარტა, რომ სახლებში შესასვლელად ნებართვა სჭირდებათ, რომლის მისაღებად ობსერვატორიის ხელმძღვანელს წინასწარ უნდა მიმართონ. ამ პრობლემის წინაშე 22 ოჯახი დგას. მათივე თქმით, სახლში დარჩენის უფლება არ აქვთ.

როგორც ობსერვატორიაში ამბობენ, მიზეზი 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რის საფუძველზეც მეცნიერ-მკვლევრების ახლობლებს ე.წ. მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში შესვლას უზღუდავს. მთა ყანობილი აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარეობს, აქ რამდენიმე მრავალსართულიანი და კერძო ბინაა, სადაც ობსერვატორიაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები პერიოდულად ცხოვრობენ, მათი ნაწილი კი მუდმივად იქ იმყოფება.

მათი გადმოცემით, ობსერვატორიის ადმინისტრაცია არ შეშვების მიზეზად რეაბილიტაციას ასახელებს, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილზე მათი შესვლით სამუშაოებს ხელი არ შეეშლება. მათი თქმით, დირექტორის, რევაზ ჭანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველს მოკლებულია, რადგან დასახლება სარეაბილიტაციო ობიექტიდან მოშორებით მდებარეობს, შესაბამისად, მათი იქ ყოფნა არც საფრთხის შემცველია და არც ხელის შემშლელი.

„რაღაც გაუგებარი მიზეზია, რომელიც დაკავშირებულია ერთი ტელესკოპის რეკონსტრუქციასთან და ამის გამო არ გვიშვებენ სახლებში. მოყვანილია არგუმენტი, რომ თითქოს ჩვენ ხელს შევუშლით სამშენებლო სამუშაოებს. მიუღებელი მიზეზია ეს იმიტომ, რომ ის ტერიტორია შემოღობილია, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება…

წლების წინ, როცა სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, მაშინ არ უთქვამთ შეშვებაზე უარი, ახლა ვერ ვხვდებით რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აბსურდული, თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ვითხოვთ დაბრკოლების გარეშე შეგვიშვან. ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი, როგორც მატერიალური, ისევე რაღაც ახირება. ჭიდაობით გვიწევს სახლებში შესვლა. ჩვენია ეს სახლები, სახელმწიფო ასე არქმევს, რომ ჩვენია, ჩვენს მფლობელობაშია და მანამ საწინააღმდეგო არ დადგინდება, ჩვენ გვაქვს უფლება ცხოვრების. რეალურად, ეს გადაწყვეტილება [ქონების პრივატიზაციის] უნდა მიიღოს ქონების მართვის სააგენტომ, მაგრამ სანამ ეს გადაწყვეტილება არ არის, ჩვენ ვცხოვრობთ იქ ხომ? და ვართ მართლზომიერი მფლობელები და შემდეგ უკვე დავემორჩილებით იმ გადაწყვეტილებას რაც იქნება მიღებული“, – ამბობს ობსერვატორიის მკვიდრი, ლევან ტოროშელიძე.

„დემონტაჟს აქვს თავისი წესები, გარკვევით წერია დოკუმენტში, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით. საშიში ზონა არის კონტურიდან 5 მეტრში, ჩვენი ბინები კი კილომეტრში მდებარეობს. ყველაფერი დაცულია, მაგრამ მაინც იხვევენ ხელზე, რომ ვითომ ჩვენზე ზრუნავენ. მე არავის არ ვუვარდები და ხელს არ ვუშლი, ამ ზონასთან მითუმეტეს საქმე არ მაქვს, მაგრამ ეს უბრალოდ საბაბია და მეტი არაფერი“, – ამბობს თამთა ჭანტურია.

მათი თქმით, ობსერვატორიის ადმინისტრაცია მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე სახლებში ისეთ პირებს აძლევს ცხოვრების უფლებას, რომლებსაც ობსერვატორიასთან შეხება არ აქვთ.

„50 წელზე მეტი ხანი იმუშავეს ჩემმა მშობლებმა ობსერვატორიაში, ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდნენ ობსერვატორიის ტერიტორიაზე. ამჟამად აქ არ იმყოფებიან.  გვინდა, რომ სახლში თავისუფლად შევიდეთ.  ჩემმა მშობლებმა და ვინც აქ იმყოფებიან მათმა მშობლებმაც, უდიდესი ღვაწლი გასწიეს. რასაც დღევანდელი ადმინისტრაცია გვაკადრებს ეს არის სამარცხვინო საქციელი“, – ამბობს თამარ გულიაშვილი და ამატებს, რომ დედამისი, მერი მეტრეველი, რომელიც ამჟამად 88 წლისაა, აბასთუმნის ობსერვატორიაში 1959 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, გარკვეული პერიოდი იყო დირექტორის მოადგილეც.

თეონა ტოროშელიძის თქმით, 2023 წლის 10 მაისის ბრძანებამდეც ექმნებოდათ შესვლის პრობლემა, რომელიც 4 წელია გრძელდება: „პრობლემა იყო კოვიდის დროსაც, მაგრამ მაშინ გავიგეთ, ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. რას ემსახურება და რა მიზანი აქვს ჩვენს იზოლირებას საკუთარი ბინებიდან, სადაც ჩვენი ნივთებია, არ ვიცით. არაადეკვატური ქმედებაა. ჩვენ ვართ მართლზომიერი მფლობელები. ჩვენი სახლების ბატონ–პატრონები ვართ, თუ რამე ფუჭდება ჩვენ ვაკეთებთ, გადასახადებს ვიხდით. ჩამოვდივართ არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთარშიც“.

10 მაისის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს განცხადებით მიმართა. ისინი იმ შენობების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ.

„გვინდა ჩვენს სახლებში შესვლა, ვართ მართლზომიერი მფლობელები და არ გვიშვებენ. კი ბატონო, წინასწარი დარეკვით გვითხრეს, რომ შესაძლებელია შესვლა, მაგრამ დარჩენა შეუძლებელია. არგუმენტი მიუღებელია. არც დირექცია განაგებს იმ სამშენებლო  კომპანიის უსაფრთხოების ზომებს, ვის შეუშვებ ან ვის არ შეუშვებ არ უნდა იყოს ტენდენციური.

ჩვენ მთავრობამ მოგვმართა როგორც მართლზომიერი მფლობელები და მუდმივი მცხოვრებლები. აი, ამ ერთ ფარატინა ფურცელზე ორჯერ ვართ ასე მოხსენიებული. შეეძლო მთავრობას მოემართა „მოქალაქეებს, ამას და ამას“, მაგრამ არა, მოგვმართეს როგორც მფლობელებს და მუდმივ მცხოვრებლებს და ამ ფონზე დირექცია არ გვიშვებს სახლებში“, – ამბობს ნანა ჩერქეზიშვილი.

publika.ge---1-6-scaled.jpg

 

აბასთუმნის ობსერვატორიაში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს მთელი დღის განმავლობაში ობსერვატორიის დირექტორთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა მათი თქმით, რევაზ ჭანიშვილი მოქალაქეებს არ შეხვდა. აქციის მონაწილეებს აინტერესებდათ, რატომ არ აძლევენ ობსერვატორიის ყოფილ და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრებს სახლებში შესვლის უფლებას.

publika.ge-4-scaled.jpg

ობსერვატორიის დირექტორი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, თუმცა მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. რევაზ ჭანიშვილი ამბობს, რომ საცხოვრებელი მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის გამოყოფილი. მისი თქმით, პროტესტის მონაწილე ადამიანები ობსერვატორიაში არსებული ბინების კანონიერი მფლობელები არ არიან.

„ვუთხარი, რომ წლის ბოლომდე არის განსაკუთრებული მდგომარეობა და გაგებით მოეკიდეთ. მოდიან პროვოკაციაზე. მოიკითხეთ თუ არის მსოფლიოში პრეცედენტი, რომ ობსერვატორიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ გარეშე პირები? თანამშრომლების გარდა თუ ვინმე ცხოვრობს. თუ წლების განმავლობაში გრძელდება უკანონობა, ესე იგი დავაკანონოთ?

ამ ხალხმა მიწერა მთავრობის ადმინისტრაციას პრემიერის სახელზე, რომ ჩვენ ვართ მართლზომიერი მუდმივი მცხოვრებლები ობსერვატორიისო და ა.შ. მე უნდა მივწერო ჩემს დაქვემდებარებულს, რომ შემოვიდა კაცი, რომელიც ამბობს, რომ არის ეს და ეს… ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ  შენ მართლა ხარ ესა და ეს? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ტერმინი. როგორ არიან მართლზომიერი მფლობელები, როცა არიან უკანონოდ? კანონიერად არის მხოლოდ თანამშრომელი. გარეშე პირების ობსერვატორიაში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ ობსერვატორია დასრულდა. ბინები აშენებულია იქ რისთვის? რომ თანამშრომლებმა იცხოვრონ. ეს არ არის არც აგარაკი, არც დასასვენებელი სახლი. ეს არის განსაკუთრებული რეჟიმის ინსტიტუტი, რადგან ღამე მუშაობენ და დღე სძინავთ ასტრონომებს”, – ამბობს რევაზ ჭანიშვილი.

აბასთუმნის ობსერვატორიაში მცხოვრები ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათთვის მისაღები გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...