„მარტვილი საქართველოსთვის“ მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტარციულ ერთეულში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კოლხური ბზის მასობრივ ხმობასთან დაკავშირებით
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „მარტვილი საქართველოსთვის“ მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტარციულ ერთეულში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კოლხური ბზის მასობრივ ხმობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს აღნიშნული მწვანე ნარგავების განადგურებას და სალხინოს გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუარესებას.
აღსანიშნავია, რომ სალხინოს დადიანების სასახლეს, რომელიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების გამორჩეულ დესტინაციას, აქვს არა მხოლოდ ისტორიული და კულტურული, არამედ ტურისტული დანიშნულება. იგი არის გამორჩეული მიზიდულობის ობიექტი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისათვის და წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახეს ქვეყნის შიგნით და გარეთაც. დადიანების სასახლე დღეს ასევე არის საქართველოს პატრიარქის მარტვილის რეზიდენცია, მოიცავს თავად სასახლეს, მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას და დამშვენებულია ჭადრის ხეებისა და უნიკალური კოლხური ბზის კორომების ულამაზესი ხეივნით. თუმცა, მწვანე ხეივნის პირველყოფილი სახის შენარჩუნების და კიდევ უფრო გამრავალფეროვნების და გამდიდრების ნაცვლად, დღეს დადგა მისი განადგურების რეალური საფრთხე, რაც გამოიხატა მწვანე ნარგავების, - კოლხური ბზის, მასობრივ ხმობაში. მისი გაჯანსაღების და შენარჩუნებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მცენარეების „კვდომის“ მიზეზის დადგენა და ყველა აუცილებელი და მყისიერი მოქმედების განხორციელება, რაც გადაარჩენს კოლხურ ბზას და შეუნარჩუნებს ხეივანს პირვანდელ სახეს. ასევე, აუცილებელია სისტემურად ხდებოდეს მცენარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და დაზიანების პირველივე ნიშნების აღმოჩენისას დროული მკურნალობა ან/და სხვა, მდგომარეობასთან შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მით უფრო, გლობალურად და მათ შორის საქართველოშიც, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების ფონზე.
საყურადღებოა, ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის (რომლის წევრ სახელმწიფოს საქართველოც წარმოადგენს) წევრი სახელმწიფოების მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის (მონიტორინგის კომიტეტი) მიერ 2022 წლის 2 აგვისტოს გამოქვეყნებული ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის ანგარიში CG(2022)43-15prov, რომელშიც აღნიშნულია ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებაზე დაიცვას გარემო, გადაწყვიტოს პრობლემები „მწვანე გარემოს“ ჭრილში და ამით უზრუნველყოს ადამიანის ჯანსაღ გარემოში ყოფნის უფლება. კერძოდ, კომიტეტი უთითებს, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ამ ძალისხმევაში, რადგან ისინი ყველაზე ახლოს არიან მოქალაქეებთან და უკეთ შეუძლიათ აგდილობრივ საკითხებზე რეაგირება. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს აქვთ მკაფიო უფლებამოსილება პოლიტიკის ამ სფეროში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები და მიიღონ კონკრეტული ზომები გარემოს დასაცავად. სახელმწიფო ხელისუფლების მსგავსად, მათაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების სამართლის შესაბამისად შეასრულონ გარემოსდაცვითი ვალდებულებები და წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოგიწოდებთ უზრუნველყოთ შესაბამისი სპეციალისტების ადგილზე მივლენა, პრობლემის მიზეზების ზუსტი იდენტიფიცირება და მწვანე ნარგავების გადასარჩენად მყისიერი და ქმედითი ღონისძიებების გატარება.
მიმართვას ვურთავთ ფოტომასალას, რომელიც შექმნილია მიმდინარე წლის 11 ივნისს და ასახავს დღეისათვის არსებულ მდგომარეობას.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ .
#მარტვილისაქართველოსთვის
#მარტვილისთვის
#სალხინოსთვის
#კოლხურიბზა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.