Jump to content
Planeta.Ge

„ბოლო წლებში მედიის მდგომარეობა გაუარესდა“ — ევროსაბჭოს რეკომენდაციები


ევროპის საბჭომ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თხოვნის საფუძველზე, მოამზადა კვლევა „ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“. მიმოხილვა მოამზადა და წარადგინა ევროპის საბჭოს ექსპერტმა პიტერ ნორლანდერმა.

დოკუმენტი აანალიზებს საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს:

  • ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დევნის შემთხვევათა გამოძიება;
  • უსაფრთხოება დემონსტრაციების დროს;
  • სამართალდამცავი ორგანოებისა და მედია ორგანიზაციების შესაძლებლობები.

ის წარმოაჩენს ჟურნალისტების დაცვისა და უსაფრთხოების იმ მწვავე საკითხებს, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის კუთხით. ის ხაზს უსვამს მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას 2019 წლიდან და მიიჩნევს, რომ ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს რამდენიმე დადებით ელემენტს, საკმარისად არ იცავს ჟურნალისტებს.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუარესდა — საქართველოს წინააღმდეგ საგანგაშო სიგნალების რაოდენობა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაზე მკვეთრად გაიზარდა, 0-დან (2017-2019 წწ) 16-მდე (2020-2022 წწ), ხოლო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ შედგენილ მედიის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველო, წინა წელთან შედარებით, 29 ადგილით ჩამოქვეითდა.

ევროპის საბჭოს მიმოხილვის მთავარი რეკომენდაცია არის დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის შექმნა, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევს მაღალი პოლიტიკური რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი და ავტორიტეტული პირი ან უწყება/ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ჩაატაროს კვლევა და შეიმუშავოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ სამოქმედო ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება მთავრობას. რეკომენდებულია, რომ თავიანთი ვალდებულების ნიშნად, მაღალი დონის არჩეულმა პოლიტიკოსებმა, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მკაფიოდ დაგმონ მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და სიძულვილი, ხოლო თავად თავი შეიკავონ მედიის საწინააღმდეგო რიტორიკისგან.

კვლევის თანახმად, მწვავე საჭიროებაა, გაუმჯობესდეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შემთხვევები, არის სერიოზული ხარვეზები ამ დანაშაულების გამოძიებისა და დევნის მიმართ.იმ საქმეებშიც კი, რომლებშიც ხდება სასჯელის შეფარდება, ხშირად შეფარდებულია მსუბუქი სასჯელი. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიებისა და დევნის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ახლებურად ჩამოყალიბება, რათა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან“, — ნათქვამია კვლევაში.

გარდა ამისა, რეკომენდებულია ჩატარდეს სისტემატური მოკვლევა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებისა და  დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. შემდეგ კი შემუშავდეს კონკრეტული და დეტალური ინსტრუქციები ყველა სამართალდამცავი ორგანოსთვის ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად.

შემოთავაზებულია ყოვლისმომცველი სტატისტიკის შეგროვება, რაც მოიცავს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ჩაშლილ მონაცემებს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ ძალადობის ან მუქარის ყველა შემთხვევის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მათ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. რეკომენდებულია, რომ გაიზარდოს სასჯელი ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან.

ევროპის საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებიც. რეკომენდებულია პოლიციასა და გენერალურ პროკურატურაში სპეციალური დანაყოფების შექმნა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოსაძიებლად და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, ასევე სპეციალური სასწავლო გეგმის შემუშავება.

ასევე, რეკომენდებულია, რომ თავად ჟურნალისტებმა გაიარონ ტრენინგი იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდონ იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან, რომელშიც თავად არიან დაზარალებულები და რას მოელიან მათგან, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. შემოთავაზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფლებამოსილების გადახედვა, რომ მან მოიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ევროსაბჭოს რეკომენდაციაა, ცვლილება შევიდეს კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, რათა გაუქმდეს მოთხოვნა ჟურნალისტების მიმართ, ატარონ საიდენტიფიციკაციო ნიშნები; სამართალდამცავმა ორგანოებმა და მედიასაზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა უნდა შექმნან სამუშაო ჯგუფი, რათა შეათანხმონ სახელმძღვანელო პრინციპები მანიფესტაციების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მედიაგაშუქების შესახებ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

შემოთავაზებულია, რომ შეხვედრები ჩატარდეს ჟურნალისტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის მანიფესტაციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, როგორიცაა არჩევნები, საპროტესტო აქციები ან დიდი სპორტული ღონისძიებები, რათა მათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად შეათანხმონ უსაფრთხოების ოქმი.

კვლევის თანახმად, მედიაორგანიზაციებში უსაფრთხოების პრაქტიკა არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და უნდა გაუმჯობესდეს უსაფრთხოების ოქმების შემუშავებითა და მათი განხორციელებით და დამცავი აღჭურვილობის უზრუნველყოფით, ასევე, ტრენინგის ჩატარებით მედია საშუალების ყველა თანამშრომლისა და ნებისმიერი შტატგარეშე თანამშრომლისთვის, რომელთა ნამუშევარსაც აქვეყნებენ ისინი. თავად ჟურნალისტებიც უნდა წაახალისონ, რათა ძალისხმევა არ დაიშურონ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, შესაბამის კურსებზე დასწრებითა და ცოდნის შეძენით, რათა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ციფრული საფრთხეების მიმართ.

თუ ამ მიმოხილვის გამოქვეყნებიდან ერთი წლის განმავლობაში არ შეინიშნება შესამჩნევი გაუმჯობესება ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და დევნის კუთხით, რეკომენდებულია, შეიქმნას საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სამართალდამცავი ორგანოების არაადეკვატური რეაგირების მიზეზებისა შესასწავლად.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...