ოლექსი რეზნიკოვი - „რამშტაინის“ შეხვედრაზე „თვითმფრინავების კოალიციის" და ტექნიკის შესაკეთებლად ჰაბების გახსნის საკითხებს განვიხილავთ
„რამშტაინის“ ფორმატში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 15 ივნისს ბრიუსელში გაიმართება, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის წევრები უკრაინელი მფრინავების მომზადებას და ტექნიკის შეკეთებისა და აღჭურვისთვის ჰაბების გახსნას განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
„შეხვედრაზე განვიხილავთ „თვითმფრინავების კოალიციის“ დეტალებს. ამ შემთხვევაში საუბარია პილოტების მომზადებაზე და არა მხოლოდ პილოტების, არამედ ჩვენი ტექნიკოსებისა და ინჟინრების მომზადებაზე, რომლებიც ჩაერთვებიან თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებაში. ეს არის ძალიან რთული სისტემა. ამ საკითხებს განვიხილავთ ნიდერლანდების, დანიის, შეერთებული შტატების და ამ კოალიციაში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების გუნდებთან“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, „რამშტაინის“ მე-13 შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება „ყველაფერზე, რაც ეხება საჰაერო თავდაცვას, ჭურვებს, საბრძოლო მასალას, არტილერიას“. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია აღჭურვილობის შეკეთებისთვის ჰაბების გახსნის საკითხი.
„ჩვენი პრიორიტეტები არ შეცვლილა. ეს ომი რესურსების ომია. რესურსები ნიშნავს არა მხოლოდ იარაღს, არამედ შეკეთების, შენარჩუნებისა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ჰაბების გახსნა ტექნიკის შესაკეთებლად და აღჭურვისთვის. როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, პარტნიორებთან ერთად, ასევე მოსაზღვრე მეგობარ ქვეყნებში“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.