„შტატი გაუქმებულია, განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან“ - კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა,- ამის შესახებ ცენტრის თანამშრომლებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული არიან დირექტორის მოადგილის პოზიციიდან მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი.
ნინო კუხლაშვილმა გათავისუფლების შესახებ თავადვე გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში.
კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს დაურეკეს კულტურის სამინისტროდან და უთხრეს, რომ მისი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია დირექტორის მოადგილის პოზიციიდან.
„მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორე ახალი არაფერია, კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად ,,გაიმართა“,- წერს კუხალაშვილი.
„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა ცენტრის პირველ მოადგილეს მაკო ჭილაშვილს, მან ასევე დაგვიდასტურა ინფორმაცია, რეორგანიზაციის შედეგად მისი შტატი 12 ივლისიდან გაუქმებულია.
რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ცენტრის თანამშრომელმა დავით დავითიანმა გაავრცელა.
„მეგობრებო დღეს კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია. გუშინ დაინიშნა 2 ახალი თანამშრომელი სამინისტროდან, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. რეორგანიაციაც მისი ხელმოწერით არის გამოცხადებული“,- წერს დავით დავითიანი.
როგორც მან დამატებით „პუბლიკას“ უთხრა, თანამშრომლებთან რეორგანიზაციის თაობაზე „ღია კომუნიკაცია არ ჰქონიათ და მიზეზები არ განუმარტავთ.“ მისი ინოფორმციით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს ცენტრის დირექტორის ორი მოადგილე. გათავისუფლების ბრძანებას კი ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია.
კობა ხუბუნაია 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს, სსიპ-დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.
„პუბლიკა“ ცენტრში რეორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
5 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც კინოცენტრისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით – ამის შესახებ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ღია წერილშია ნათქვამი.
ამჟამად წერილი კინოცენტრის ვებგვერდზე აღარ იძებნება.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.