ჭიათურაში მეხუთე დღეა გაფიცულები არიან მაღაროელები
ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოში დასაქმებული ასობით ადამიანი მეხუთე დღეა გაფიცულია ღირსეული შრომის პირობებისა და ხელფასების მატების მოთხოვნით. დღეს გაფიცულ მაღაროელებს სავარაუდოდ სხვა ქალაქებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები და აქცია გაიმართება.
როგორც რადიო თავისუფლებას პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჩინჩალაძემ უთხრა, მიუხედავად მოლაპარაკების მცდელობისა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება.
"მთავარი მოთხოვნა არის ხელფასების ზრდა და სპეციალურ რეჟიმამდე არსებული სამუშაო პირობების დაბრუნება. კომპანიამ სპეციალური რეჟიმი 2023 წლის 1 იანვარს გამოაცხადა", - ამბობს დავით ჩინჩალაძე. მისი განმარტებით, სპეციალური რეჟიმის დროს დასაქმებულთა უმეტესობა 3 თვით არ მუშაობდა და ხელფასის 60%-ს იღებდა იმ დათქმით, რომ ამ დროს კომპანია წარმოებისა და პირობების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებდა.
თავის მხრივ, "ჯორჯიან მანგანეზი" ფეროშენადნობების ბაზარზე არსებულ კრიზისზე, - რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, - და თანამშრომლების შეცვლილ სამუშაო პირობებზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
საწარმოში დასაქმებულია 4000-მდე ადამიანი. როგორც დავით ჩინჩალაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ადმინისტრაციული თანამშრომლების გარდა, დასაქმებულთა უმეტესობა ამ დროისთვის გაფიცულია.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.