Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

თბილისის ბიუჯეტიჭამიების რუსთავური ვესტერნი და ნაციონალური პრაიმერის „წარმატებული “პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში


katya

1.587 views

blog-0136346001372769465.jpgრემარკი ხომ გახსოვთ? ამ ქვეყნად ყველაზე საშინელება ისაა, როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ეჩვევიო...

შეჩვევა სახიფათოა! ზოგჯერ შეჩვევა კლავს კიდეც. კლავს გრძნობებს, სიყვარულს, ტკივილს, იდეებს, კლავს იმედს...

ჩვენ, დედამიწელები, მშობლიური მზის სისტემიდან, სხვა გალაქტიკებს, „გაცნობის მიზნით,“ სიგნალებს ვუგზავნით სიკეთეზე და კაცთმოყვარეობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ყურამდე მხოლოდ რაღაცის გამო დასჯილთა სასოწარკვეთილი ხმები აღწევს.

რომ ვუფიქრდები, ძალიან დამთრგუნველია სამყაროში ეულად არსებობის ალბათობა. რომ გაგვიჭირდეს დედამიწელებს, მეზობლის იმედადაც ვერ უნდა ვიყოთ...

ჰოდა, ის დროა ვისწავლოთ ცხოვრება საკუთარი თავის იმედად.

იმედზე, კომუნიკაციასა და მისვლა–მოსვლაზე გამახსენდა გასული კვირის ერთი „საინტერესო მოსაზრება.“ მოსაზრება იმ მხრივაა საინტერესო, რომ ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ პრეზიდენტს ეკუთვნის: „საქართველოს მთავარი პრობლემა არის, ის რომ ჩვენ არ ვართ ცნობისმოყვარე ერი. ჩვენ არ ვართ მოგზაური ერი, არ ვმოძრაობთ რეგიონებში. აღმოვაჩინე, რომ ქართველების ძალიან დიდი ნაწილი არ არის ნამყოფი ბათუმში. მე აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი არ არის ნამყოფი საზღვარგარეთ, ძალიან გამიკვირდა, მიმაჩნია, რომ სტუდენტის ბუნებრივი ინსტინქტი უნდა იყოს ეს"...

თქვენც დაიბენით არა?

რა მოხდა მერე? ჯერ არ დაბნეულხართ, ჯერ არ უთქვამს ტყუილი თუ ბოროტად ხუმრობა არ ეხერხება ჩვენს ნომერ პირველ ავანტიურისტს?

„ცნობისმოყვარე ერობას“, ალბათ, განსაკუთრებული უნარები ესაჭიროება, ან ტრადიციები. გენეტიკაც უნდა გიწყობდეს ხელს. მაგ ლოგიკით, თემურ ლენგსაც ეგ რაღაც ცნობისმოყვარეობა აწუხებდა, რომ დაშლიგინობდა ზევით–ქვევით და „ სიახლეების შესრუტვა–შთანთქმით“ იყო დაკავებული. აბა რა ექნა? მაშინ სუბტიტრებიანი ფილმები არ გადიოდა, მაშინ ჯერ სინემატოგრაფიც კი არ იყო და, მითუმეტეს, არც მიშა იყო შორეულ–ახლობელი ქვეყნის პრეზიდენტი...

მეტიც... ჩვენამდე დედამიწაზე არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი „მოვლენა“ არსებობდა, თავისი 4 საპრეზიდენტო კანდიდატით („გონივრული ეჭვით,“მეოთხე უხერხულობის გამო დაამატეს, სამში ერთის გამორჩევის სხვა ტრადიციები გვაქვს მაინც ქართველებს). ბაქრაძე მაგათში ყველაზე მისაღები და ამაყია, მალაშხია–ყველაზე ცნობადი და რეზონანსული, ჯაფარიძე –უკმაყოფილო და დაჩაგრული. აი ბარამიძე კი თავად ნაციონალური პრაიმერივით ბლეფი და გაუგებრობა...

ყველაზე დიდი ტყუილი რომ თავის მოტყუებაა, ნაცებმა თუ არ იციან, ჩვენ ვიცით ბატონო და გვაცალონ...

ინდიელთა ძველისძველი ტომის, დაკოტას, ერთ–ერთი სიბრძნე ამბობს – თუ აღმოაჩენთ, რომ სულთმობრძავ ცხენს „მიაჭენებთ,“ საუკეთესო სტრატეგია გარბენში გადმოხტომააო.

დაკოტას ტრადიციების გათვალისწინებით, ისეთი გადახტომ–გადმოხტომა აქვთ ატეხილი ნაცებს, უკვე საშიში ხდება თვალის მიდევნებაც კი.

არა, მაინც რა ეგონათ, ქუთაისის ოპერის თეატრი უშველიდა აკადემიურობის თვალსაზრისით იმ საცოდაობას, უკაცრავად, სანახაობას, თუ ირმა ნადირაშვილის ინტელექტუალური მეცო–სოპრანო კლანურობის განხრით.

სხვა რომ არავინ და არაფერი, ბედკრულ ქართულ პოლიტიკაში, ჯერ კიდევ ამბიციურია შალვა, თანაც მწვავედ ამბიციური. შალვას აზრით, – ედუარდ შევარდნაძემ, მიხეილ სააკაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ბიძინა ივანიშვილმა, სხვადასხვა დროს, მთელი საქართველო გააუპატიურეს, რის გამოც მათ პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ".

არ ვიცი, რისი თქმა სურდა ამით პატივცემულ შალვას, იმედია, იმის არა, რომ რიგმა უწია ქვეყნის გაუპატიურების რიგში.

აი ქალბატონი ბურჯანაძე კი, არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ფაქტიურად დარწმუნებულია საკუთარ გაპრეზიდენტებაში. რა თვალშისაცემია ზოგიერთების მოკლემეტრაჟიანი მეხსიერება...

ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ კურდღელი და მგელი ყოველთვის მტრები არ იყვნენ. ადრე ეგენიც ოჯახებით მეგობრობდნენ, უბრალოდ, მერე მგელს მოშივდა და კურდღელს აუხირდა...

და, როგორც იქნა, 27 ოქტომბერი საპრეზიდენტო არჩევნების დღედ დასახელდა. კი დასახელდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად! ეგღა აკლია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასე მარტივად გადაწყვიტოს უმნიშვნელოვანესი თარიღების საკითხი. ის იყო, ხალხმა საკუთარი კალენდრები მოიმარჯვა და 27 ოქტომბრიდან მარცხნივ 60 დღის გადათვლა დაიწყო, რომ, სად იყო და სად არა, ეკრანზე გამოისახა ნადირაშვილზე არანაკლებ ინტელექტუალური, ამბიციური და კატეგორიული, ქვეყნის პირველი ადმინისტრატორი - ბარნოვი საკუთარი კალენდრით. მანჯგალაძეს ტექნიკურად შეეშალაო... ნეტავ რა შეეშალა მანჯგალაძეს, ასე უჭირს არითმეტიკაში, რომ ორიანს და შვიდიანს სამიანისა და ერთიანისგან ვერ არჩევს?

ბაციონალებმა ოღონდ სხვას და თან ქალს გადააბრალოთ რამე და მნიშვნელობა არ აქვს, ხალხი დაიჯერებს თუ არა თქვენს ვერსიას...

მოკლედ რაცაა ეგაა – ოქტომბრის ბოლო ხუთშაბათს კიდევ ერთხელ მოგვიწევს უბნებზე მისვლა და თავის შეწუხება. უნდა შევწუხდეთ, აბა როგორ გვინდა? აგერ შეწუხების გარეშე, მონღოლეთში 146%–ით ჩინგის ხანის მუმიასაც კი ირჩევენ პრეზიდენტად. მაგათთან ყველაფერი მარტივია... ფუი ეშმაკს!

გასულ კვირას, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: ბაკურ ბ, ილია ს, და თორნიკე ჯ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოსა და იმერეთში ერთდროულად დააკავეს.

კიდევ ერთი „ნაციონალური“ ტყუილი – აბა ეგ სამყარო აღარ არსებობსო?!

გასულ კვირას ისიც ითქვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა თავს ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებენო და ეგენი „სახალხო დიპლომატიის“ პროგრამით უფრო შორსაც წავლენ...

ფსიქოლოგები გვირჩევენ, შეეცადეთ ახალი ცხოვრების დაწყებას სუფთა ფურცლიდანო. შეეცადე კარგია! და თუ ფურცელი უკვე ცალხაზიანია ანდა სულაც უჯრედებიანი?!

რა ქნას მაშინ თუნდაც ვანომ? გავიგეთ, რომ თანაგუნდელები ამხილა. მერაბიშვილის მოადგილის ლორთქიფანიძის დაკავება, თურმე, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს უკავშირდება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამეცხედრეს, ცნობად თაკო სალაყაიას კი, იმედია, ცრუ ჩვენების მიცემისთვის, პასუხისგებაში მისცემენ. თაკოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის 370-ე მუხლით უნდა დაეკისროს, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს სკანდალური პერსონა აუცილებლად გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ის, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ, მერაბიშვილთან ერთგვარი „ვაჭრობის“ საუკეთესო იარაღად რჩება.

როგორ აშინებთ ნაციონალურ მრევლს „დაკლეტკილი“ რვეულები და ხელბორკილები. .. მაგალითად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა დაიჩივლა, მაჯები მეტკინაო... მართლა სად გინახავთ ბორკილდადებულ მოწმეთა დაკითხვაზე დაბარება. რა წესია, ახალგაზრდა უცოლო ბიჭია. მაგას რომ მაჯები დაუზიანდეს, ხომ დავიქეცით, ტიპი არცერთ ქასთინგს არ „მაზავდა“ შესაფერისი საცოლის ძებნაში...

აბა კოკის კი არ ატკენს არავინ მაჯებს... მერე რა რომ იონათამიშვილის საქციელი „მორალთან მწყრალად“ შეაფასა დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ. ესპანური ანდაზაა ასეთი – კოკა მოხვდა ქვას თუ ქვა მოხვდა კოკას, მაინც ვაი კოკის ბრალიო! ხოდა სანახავს და გამოსაფენს რა დაულევთ მაგათ. „ერთი გუნდი“ არ იყვნენ თითქოს?!

თბილისში ჩამოსულმა რასმუსენმა საქართველოს და ქართველ ხალხს, ფაქტიურად, შურაცხყოფა მიაყენა, როცა სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურა" უწოდა და ივანიშვილის ხელისუფლებას მთავარ რეკომენდაციად სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მისცა"... თითქოს ის რუსი დედინაცვალი არ გვყოფნიდეს, რომელსაც ჩვენს გამო გამუდმებით სცხვენია...

პირადად ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ვისაც საშუალება მოგეცემათ, „უსირცხვილო საზოგადოების“ სახელით, მოგვიკითხეთ სულჭაჭიანი არსება, თავისი ამძორებული ძუძუს წოვება რომ მოუნდომა ქართულ დემოკრატიას...

ამასობაში კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ 2010-2012 წლებში, თბილისის მერიისა და ძველი თბილისის განვითარების ფონდი შეამოწმა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა. ეჭვი მაქვს, ძალიან გაუჭირდებოდა მსგავსი რამის აღმოჩენა პრეზიდენტი ს ერთ–ერთი მრჩევლის – ნინო კალანდაძის და არა მხოლოდ ნინო კალანდაძის უახლოეს მეგობარს. სამაგიეროდ თორდია ამაყად ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის ცნობილაძე თეფშების და პარტიული ანგარიშების რისხვა ნათია მოგელაძე ამჯერად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვეუწყებაში მუშაობს. პრინციპში, რა დააშავა ისეთი მოგელაძემ? რატომ უნდა იყოს უმუშევრად?

ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონების მახრებს თუ უდანაშაულობაზე აქვთ პრეტენზია და თავდებში მხოლოდ უმცირესობა კი არა უმრავლესობის განსაკუთრებულად ჰუმანისტი წარმომადგენლებიც უდგებიან და ამაში პარლამენტარის ხელფასს ამაყად იღებენ, მოგელაძე რა მანდელას გერია?

რუსთავის სასამართლოში გასულ კვირას თემიდამ იძალა განსაკუთრებული სისასტიკით. ზოგჯერ და საბედნიეროდ, ასეც ხდება...

პირველი ივლისიდან სოციალური დახმარებები ორჯერ გაიზარდა. ჯაბდაცვის დაზღვევის მოცულობაც გაიზარდა. მოკლედ, მაციონალების ჯინაზე ახლა ავად გახდომა არც ისე საშიშია. უფასო გახდა მშობიარობაცო, თუმცა, უფასო არაფერი შეიძლება იყოს თავმოყვარე ქვეყანაში, ამიტომაც, ყველაფერი განისაზღვრა ლიმიტირებული ბიუჯეტის ფარგლებში. ასეა თუ ისე, დემოგრაფია ყველა შემთხვევაში მისახედია და ფასის ცვალებადობა მასზე ნაკლებად უნდა მოქმედებდეს.

პირველ ივლისს, 12 წლის ინტერვალის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობის აღწერა დაიწყო. ეს პირველი ეტაპია. მეორე ეტაპზე გამოჩნდება „სოციალური კეთილდღეობის“ პირდაპირი შედეგები. ღმერთმა ქნას, ბევრი გვყავდეს დასათვლელი.

გასულ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურა, პროტესტით შებყრობილი უმცირესობის გარეშე.

კულტურის სამინისტროს გვერდით კი კარავში ისევ შიმშილობს რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, სახელმწიფოს მიერ ქართული კინოს დაფინანსების მოთხოვნით. პარალელურად, მშვენიერ მადას ინარჩუნებს თუნდაც კულტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ბერიკაშვილი, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან შორს დგას ხელოვნების ამ დარგისგან.

სამაგიეროდ, ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკლია წონაში კვერცხის დიეტით. მართალი გითხრათ, ვეძებე ამ დიეტაში კვერცხი და ისეთი მცირე რაოდენობით აღმოვაჩინე, ჩავთვალე, რომ ნანუკამ გვეხუმრა...

რას ვიზამთ?! ნაციონალური ორიენტაციის ადამიანები ისტორიაში ალბათ საკუთარი სახელობის დიეტებით შევლენ.

ცნობისთვის, ადამიანებიც და თანამდებობის პირებიც გაკეთებული საქმეებით ფასდებიან და არა გაუკეთებელი საქმეებისთვის მოგონილი მიზეზებით.

„მალფუჭადი“ პროდუქტები და პოლიტიკოსები დიდი ხანია საქართველოში სერიოზული

პრობლემაა. ისტორიის წერა გაცილებით იოლია, ვიდრე მისი შექმნა...

ხო, კიდევ შეჩვევაა საშიში...

შეჩვევა კლავს!

 

კატო ჩულაშვილი

გაზეთი „ქრონიკა+“ # 12

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...