Jump to content
Planeta.Ge

რატომ დაუბრუნა ხიდაშელმა ტყის ნაწილი უკან სახელმწიფოს ეროვნული პარკის შესაქმნელად რაჭაში


მრავალწლიანი ლოდინის და სამოქალაქო და საერთაშორისო ბუნებისდაცვითი ორგანიზაციების ძალისხმევის შემდეგ, 2023 წლის 1 იანვარს რაჭაში პირველი დაცული ტერიტორია შეიქმნა. ტერიტორიები მოიცავს 50 835 ჰექტრის ფართობის ეროვნულ პარკსა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას.

სხვადასხვა დაბრკოლების ფონზე რაჭის დაცული ტერიტორიების საბოლოოდ შექმნა დადებითად ფასდება, თუმცა რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ტერიტორიები ბუნებისდაცვითი თვალსაზრისით დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს, ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ადგილობრივ აქტივისტები.

კრიტიკა ძირითადად უკავშირდება იმას, რომ ფართობის სიდიდის მიუხედავად, რაჭის ეროვნულ პარკში ნაკლებად მოხვდა ისეთი ტერიტორია, რომელიც ბუნების კონსერვაციის მიზანს უპასუხებს: ტყის საფარი მცირეა, მასში არ შედის მდინარეები და სხვა.

რაჭაში დაცული ტერიტორიების ფართობის არასრულყოფილად ათვისების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კრიტიკოსები იმას ასახელებენ, რომ რაჭის ტყეების დიდი ნაწილი ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა და ეროვნული პარკისთვის ბევრი ბევრი აღარ დარჩა. ბიზნესმენმა 104 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობა უნდა მოაწყოს 49 წლის ვადით.

როგორ შეიქმნა რაჭის დაცული ტერიტორიები

რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნაზე საუბარი 1990-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად ეს ტერიტორია რჩებოდა ერთ-ერთ სივრცედ საქართველოში, სადაც არც ეროვნული პარკი, არც ნაკრძალი, არც აღკვეთილი და არც მრავალმხრივი გამოყენების ზონა არ იყო მოწყობილი.

მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო რამდენიმე წელიწადში გადაიდგა. მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) 2018-2019 წლებში ჩაატარა კვლევა „რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობის შეფასების” შესახებ. კვლევის მიხედვით, დაცული ტერიტორიების დაარსება რაჭაში 52 191 ჰექტარზე იგეგმებოდა. ამასთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრაც გამართეს.

რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნას სხვადასხვა დროს ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა და ბუნების დამცველი აქტივისტებიც.

2020 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ავტორობით და საქართველოს მთავრობის ინიცირებით კანონპროექტიც შეიქმნა, რომლის თანახმადაც ეროვნული პარკი და შოვის აღკვეთილი უნდა შექმნილიყო, რაც ხელს შეუწყობდა ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკო-დერეფნების ქსელის გაფართოებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და დასაქმებას ტურისტულ სერვისებში.

კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის [WWF] კავკასიის პროგრამის ოფისიც.

ამასთან, 2021 წლის სექტემბერში საქართველომ მემორანდუმიც გააფორმა კავკასიის ბუნების ფონდთან [CNF], რომლის თანახმადაც ქვეყანაში 5 ახალი დაცული ტერიტორია უნდა შექმნილიყო, სანაცვლოდ კი ქვეყანა 14 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებდა. აღნიშნულ ტერიტორიებში შედიოდა რაჭის ეროვნული პარკის შექმნაც, რომლის მინიმალური ფართობი 46 972 ჰექტარი, მაქსიმალური კი 65 761 ჰექტარი უნდა ყოფილიყო. პირობის თანახმად, დაცული ტერიტორიის შექმნის ბოლო ვადად რაჭაში 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

Untitled-design-2023-06-09T150602.517.jp

გარემოს დაცვის სამინისტროსა და CNF-ს შორის მემორანდუმის გაფორმება. ფოტო: CNF

მანამდე, 2019 წლის 31 ოქტომბერს შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-მ, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთანაა დაკავშირებული, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა წერილით, სადაც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე, 109 554 ჰექტარზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სურვილს გამოხატავდა და ამ მიზნით 49-წლიანი ლიცენზიის მიღებას ითხოვდა.

დავით ხიდაშელი “კარტოგრაფების საქმის” ფიგურანტი ბიზნესმენია, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება. 

Untitled-design-27.png

დავით ხიდაშელი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ “კაპრა კაუკასიკას” მოთხოვნის შემდეგ არა ერთ უწყებასთან კონსულტაციების შედეგად 2022 წლის თებერვალში აუქციონი გამოაცხადა, სადაც მხოლოდ ერთი — ხიდაშელის კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც.

აუქციონის შესაბამისად, ხიდაშელის კომპანიას 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.

ამ პერიოდში კი, როგორც პროცესებში ჩართული აქტივისტი და ორგანიზაცია “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის” [საბუკო] დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი აცხადებს, რაჭის ეროვნულ პარკსა და შოვის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაჭის ტყეების 104 712 ჰექტარი დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას გადაეცა, მოგვიანებით “მთის ამბებმა” გაავრცელა, რასაც კრიტიკული მედიაგაშუქება და პროტესტიც მოჰყვა.

სწორედ ამ დისკუსიების პერიოდში ანუ ხიდაშელისთვის მიწების გადაცემიდან რამდენიმე თვეში, 2022 წლის ივნისში გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელის კომპანიას მიმართა წერილით და 7 436 ჰექტარი მიწის ფართობის უკან დაბრუნება ითხოვა, სანაცვლოდ კი “კაპრა კაუკასიკას” სხვა სატყეო ფართს დაჰპირდა, რაზეც საბოლოოდ ხიდაშელის კომპანიამ თანხმობა განაცხადა. ეს ამბავი აღწერილია საჯარო ინფორმაციაში, რომელიც საჯარო უწყებებიდან აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა გამოითხოვა. ამ დოკუმენტებს ნეტგაზეთიც გაეცნო. ჯერჯერობით უცნობია, ზემოხსენებული 7 436 ჰექტრის სანაcვლოდ სად და რა მიწას მიიღებს ხიდაშელის კომპანია.

მოგვიანებით, 2022 წლის ივლისში მთავრობამ ხელახლა დააინიცირა კანონპროექტი რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ, თუმცა ამჯერად შოვის აღკვეთილის გარეშე, მაგრამ ზემოხსენებული 7 436 ჰექტრის ჩათვლით. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო, ძალაში კი 2023 წლის 1 იანვარს შევიდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” შეფასებით, რომელიც კანონის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა, ხიდაშელისთვის მიწების გადაცემამ ხელი შეუშალა შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიების შექმნას. 2022 წლის 24 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში TI აღნიშნავდა, რომ არსებობდა მაღალი დონის კორუფციის რისკის მზარდი პრობლემა. ორგანიზაციას ასევე დათვლილი ჰქონდა ის ფინანსური ზიანი, რომელიც ლიცენზიის გაცემის გამო მიადგა საქართველოს.

ორგანიზაციის დათვლით სახელმწიფო ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიის გადაცემითა და დაცული ტერიტორიების შემცირებით პირდაპირი შემოსავლის სახით 2 057 593 ლარს კარგავდა.

აღნიშნული ზიანის დასათვლელად “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” CNF-თან გაფორმებული მემორანდუმისა და “კაპრა კაუკასიკასთვის” გადაცემული მიწების საფუძველზე ადგენდა. კერძოდ, სახელმწიფოს რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის CNF-ის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ფართობი რომ აეთვისებინა 2 057 593 ლარს არ დაკარგავდა.

“ნეტგაზეთი” CNF-თან გაფორმებული მემორანდუმის თაობაზე თავად ორგანიზაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესი კვლავ გრძელდება, ამ დროისთვის კი რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის ფინანსები არ გამოუყვიათ. CNF-ის წარმომადგენლის ცნობით, მთავრობასთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას ზაფხულში ელოდებიან.

შეუშალა თუ არა სამონადირეო მეურნეობამ ხელი რაჭის ეროვნულ პარკს

დავით ხიდაშელის კომპანიისთვის მიწების გადაცემას უკავშირებს სამოქალაქო მოძრაობა “რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენელი, ვარლამ გოლეთიანი იმ ფაქტს, რომ რაჭის ეროვნულ პარკის ბუნებისდაცვითი პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული.

ვარლამ გოლეთიანმა ამ პარკის ირგვლივ საჯარო ინფორმაცია და რუკები გამოითხოვა.

მისი თქმით, რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძირითადად მყინვარები, თხრილები და ისეთი ადგილებია მოხვედრილი, სადაც ადამიანს ხელი არ მიუწვდება, შესაბამისად, მისი თქმით, ამ ტერიტორიებს ნაკრძალისთვის აუცილებელი ბუნებისდაცვითი ღირებულება არ აქვს.

ის მიიჩნევს, რომ ეროვნულ პარკში ტყის მასივების სიმცირის მიზეზი 2022 წელს დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული დიდი ოდენობით ტყის ფართობია, რის შედეგადაც დაცული ტერიტორიებისთვის “მცირე ტყე დარჩა”.

გოლეთიანის შეფასებით, ხელისუფლებამ სწორედ ამის გამო სთხოვა ხიდაშელის კომპანიას 7 ათასზე მეტი ჰექტრის უკან დაბრუნება სხვა ტყის მასივით ჩანაცვლების პირობით.

“ტყის მასივები იმდენად აღარ იყო დარჩენილი დაცული ტერიტორიებისთვის, რომ ისევ ხიდაშელს მიმართეს და სთხოვეს 7 ათას ჰექტარზე მეტი უკან დაგვიბრუნეო. ხელისუფლება მანიპულირებს იმით, რომ თითქოს 50 000 ჰექტარზეა [მოწყობილი] დაცული ტერიტორიები, ამას ეუბნებიან მოსახლეობას, მაგრამ რეალურად მართლა რაც არის დასაცავი, სადაც შეიძლება მოხდეს ტყის ჭრა ან წიაღისეულის ამოღება, არის 7-8 ათას ჰექტრამდე. დანარჩენ ტერიტორიაზე რეალურად არაფერია დასაცავი, რადგან გზას ვერ შეიყვან, ალპური ზონაა და ხე არ არის ფიზიკურად. იქ არაფერია დასაცავი, ბუნება იცავს თავის თავს”, — ამბობს გოლეთიანი.

Untitled-design-2023-06-09T152513.387.jp

ვარლამ გოლეთიანი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

მისი თქმით, რაჭის ეროვნული პარკის შექმნასა და დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის მასივების გადაცემასთან დაკავშირებული პროცესები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა, ხელისუფლებამ კი არჩევანი “კაპრა კაუკასიკას” სასარგებლოდ გააკეთა. ხოლო ამ საკითხის მედიაში გაშუქებისა და გარკვეული პროტესტის შემდეგ “პოლიტიკური განაცხადი” გააკეთა, რომ” იქმნებოდა ეროვნულ პარკიც”. გოლეთიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ეს ორი რამ წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ერთმანეთთან, რაც მისი შეფასებით, “წმინდა წყლის მანიპულაციაა”:

“მარტივია მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანო, რადგან არავინ დაიწყებს იმის კონტროლს, ფიზიკურად სად არის დაცული ტერიტორიები და სად ხიდაშელისთვის გადაცემული ტყე”, — ამბობს გოლეთიანი.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრისას არ განიხილავენ არც იმ საკითხს, თუ ვის გადაეცა რაჭის ტყის 104 ათას ჰექტარზე მეტი:

“მოსახლეობასთან საერთოდ არ განიხილავენ პოლიტიკურ ნაწილს. ამბობენ, რომ ინვესტორია მოსული, უნდა შექმნას სამონადირეო მეურნეობა, ფული დახარჯოს, სასტუმრო ააშენოს, ინფრასტრუქტურა შექმნას, გაიყვანოს ბილიკები და ა.შ. — ამაზე გელაპარაკებიან, მაგრამ ვინ არის ეს პიროვნება, რომ ის ევტუშენკოვის მეგობარი და ბიზნესპარტნიორია, ამაზე არ საუბრობენ.

რატომ უნდა გვქონდეს ჩვენ ასეთი ადამიანის ნდობა? ამ კითხვას აღარ აღიქვამენ ლეგიტიმურად. ამბობენ, ეს რა სალაპარაკოა, პოლიტიკურ შეფასებებში გადადიხარო.

შეიძლება კლასიკური გაგებით ოლიგარქი არ არის, მაგრამ რუსეთში აქვს ნაშოვნი ფული, მისი მეგობრები არიან ოლიგარქები, ეს ტერიტორიები რუსეთს ესაზღვრება. ახლა ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს ამ ადამიანის ნდობა, რომ კარგი კაცია და მხოლოდ კარგი უნდა?!”, — ამბობს გოლეთიანი.

“რიონის ხეობის მცველები” ხელისუფლებისგან დავით ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ლიცენზიის გაუქმებასა და დაცული ტერიტორიების ისე შემოფარგვლას ითხოვენ, რომ მასში მოექცეს მდინარეები და ტყეები. ამასთან, გოლეთიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მოსახლეობაც იყოს ჩართული და პირობები იყოს “სამსჯელო საგანი”. მაგალითად, აღნიშნულ ტერიტორიებზე რითი სარგებლობის უფლება ექნება მოსახლეობას.

როგორ ჭიანურდებოდა ეროვნული პარკის შექმნა

“საბუკოს” დირექტორი, ირაკლი მაჭარაშვილი იხსენებს, რომ რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის მცდელობების მიუხედავად, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეს პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, რადგან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბიზნესის ინტერესებთან გადაიკვეთა.

კერძოდ, მისი თქმით, 90-იანი წლებიდან რაჭის ტყეებში აქტიურად მიმდინარეობდა ტყის ჭრა, შემდეგ კი გამოიკვეთა ჰესების მშენებლობისა და წიაღისეულის მოპოვების ინტერესები. ხოლო ბოლოს რაჭის ეროვნული პარკის შექმნის პროცესის გაჭიანურება, მთავრობის განკარგულებების არსებობის მიუხედავად, დავით ხიდაშელის კომპანიისთვის სამონადირეო მეურნეობის გადაცემის პროცესს ემთხვევა.

Untitled-design-2023-06-09T151113.614.jp

ირაკლი მაჭარაშვილი

როგორ ვითარდებოდა რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნის კუთხით მოვლენები ქორონოლოგიურად, ირაკლი მაჭარაშვილის თანახმად - დააკლიკეთ

“მაშინ არ ვიცოდით რა ფაქტორი განაპირობებდა იმას, რომ წიაღის მოპოვების და ჰესების პოტენციური ადგილების დათმობის მიუხედავად, რაჭაში ეროვნული პარკის შექმნა იბლოკებოდა. მხოლოდ 2022 წელს აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ სამონადირეო მეურნეობის გამო იბლოკებოდა ეს პარკი. მეტსაც გეტყვით, CNF-ის ხელმძღვანელმა გასულ წელს თქვა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო თითქმის ერთი წელია მეილზე არ პასუხობდა. ეს ფონდი, ფაქტობრივად, არჩენს ყველა დაცულ ტერიტორიას საქართველოში და მეილსაც არ სწერდნენ, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინათ”, — ამბობს მაჭარაშვილი.

სწორედ CNF-თან ჰქონდა გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს ხელისუფლებას 14 მილიონი დოლარის დაფინანსების თაობაზე, რომლის პირობების თანახმადაც განსაზღვრული იყო 5 ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა, მათ შორის რაჭის ეროვნული პარკის. განსაზღვრული იყო რაჭის ეროვნული პარკის მინიმალური ფართობი (48 000 ჰექტარამდე), ასევე ის, რომ არ უნდა ყოფილიყო ნადირობა დაშვებული.

ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ მემორანდუმი შესრულებულიყო, გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭის ეროვნული პარკის ფართობში შეიტანა ისეთი ტერიტორიები, რომლის კონსერვაციული, ანუ ბუნების დაცვითი ღირებულება მინიმალური იყო, მაგალითად, დაცულ ტერიტორიებში ხვდება მყინვარებიც.

მაჭარაშვილის შეფასებით, სამინისტრო იძულებული იყო, ხომ ხიდაშელისთვის ეთხოვა სამონადირეო მეურნეობის ნაწილის დათმობა (მყინვარებსა და ძირითად ტყის მასივებს შორის არსებული ადგილი), რათა მეტ-ნაკლებად ერთიანი ყოფილიყო ეროვნული პარკი და თანაც შესრულებულიყო CNF-თან არსებული ხელშეკრულების პირობები. ამასთან, ხიდაშელის განცხადებით, ეროვნულ პარკში არ მოხვდა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ადგილები, როგორიცაა მდინარის სათავეები.

“სწორედ ამიტომ შეიყვანეს მყინვარები და ამიტომაც აქვს რკალის ფორმა ეროვნულ პარკს, რომ ხელოვნურად გადაელახათ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ფართობი, თორემ ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით, ამ მყინვარების ეროვნულ პარკში მოქცევა არ არის მნიშვნელოვანი, რადგან იქ ისედაც არ ხდება ადამიანის ჩარევა [ბუნებაში]”, — განმარტავს მაჭარაშვილი.

თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული დაცული ტერიტორიების ძირითადი ნაწილი მყინვარები არ არის და ერთი შეხედვით 50 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის ეროვნული პარკი საქართველოს მასშტაბებისთვის კარგიცაა, მაგრამ პარკის შექმნის მიზნებს მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს.

“50 ათასი ჰექტარი დაცული ტერიტორია ძალიან კარგი საქმეა საქართველოსთვის, მაგრამ თუ შევაფასებთ საერთო სკალით, ჯერ-ჯერობით 6 ბალზეა შესრულებული და გვაქვს პოტენციალი, რომ ავიდეს 10 ქულაზე”, — ამბობს მაჭარაშვილი და დასძენს, რომ ამასთან დაკავშირებით ბუნების დაცვითი ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ.

ირაკლი მაჭარაშვილი რაჭის ეროვნული პარკის კრიტიკისას რამდენიმე ძირითად ფაქტორს გამოყოფს:

  • მასში არ შედის დაცული ტერიტორიებისთვის საკვანძო ადგილები, როგორიცაა მდინარეები, მდინარისპირა ეკოსისტემები და მდინარეების სათავეები
  • პარკი არ მოიცავს ცენტრალურ ნაწილში მდებარე ტერიტორიებს, პარკის შუაგულიდან ტერიტორია ამოჭრილია, რის გამოც ეროვნული პარკი ძლიერ ფრაგმენტირებულია.
  • არ ფარავს იმ ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვება ან ჰესების მშენებლობა, ან ისეთი ტერიტორიებს, სადაც ნაწილობრივ გაცემულია შესაბამისი ნებართვები ან ლიცენზიები

“უფრო მაღალი იქნებოდა ბუნების დაცვითი ღირებულება მასში, რომ შედიოდეს მდინარეები, რაც არის მთლიანად და შუაში არ არსებობდეს წიაღის მოპოვების ლიცენზიები. ეს იქნებოდა გამართული, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) რეკომენდაციების შესაბამისი ეროვნული პარკი, ”, — განმარტავს ის.

Untitled-design-2023-06-09T151329.169.jp

რაჭის დაცული ტერიტორიებისა და “კაპრა კაუკასიკასთვის” გადაცემული მიწების რუკა. რუკა ვარლამ გოლეთიანის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა “საბუკომ”

რაც შეეხება “კაპრა კაუკასიკასთვის” გადაცემულ მიწებს, მაჭარაშვილი განმარტავს, რომ სამონადირეო მეურნეობა დამოუკიდებლად ბუნებისთვის იმდენად საფრთხის შემცველი არ არის, როგორც წიაღისეული მოპოვება. გარკვეულ პირობებში სამონადირეო მეურნეობა შესაძლოა განხილულიც იყოს, როგორც კონსერვაციის ხელშემწყობი საქმიანობის ერთ-ერთი სახე, ვინაიდან სამონადირეო მეურნეობაში უნდა არსებობდეს შედარებით ვრცელი დაცული, ხელუხლებელი ზონები.

თუმცა, მაჭარაშვილის განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავით ხიდაშელის კომპანიის ლიცენზია გაცემულია საქართველოს კანონმდებლობის არაერთი უხეში დარღვევით , რასთან დაკავშირებითაც გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა გასულ წელს სასამართლოსაც მიმართეს.

სახელმწიფოს დუმილი

აღნიშნულ საკითხზე დამატებითი დეტალების მოსაპოვებლად, მათ შორის რუკების გადმოცემის თხოვნით “ნეტგაზეთმა” დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორი კვირის წინ მიმართა, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია არც კომენტარის და არც ინფორმაციის სახით.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძესაც, რომელმაც გარემოს დაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.

გარემოს დაცვის სამინისტროში კი განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

აღნიშნულ მიწებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს შეკითხვები დაუსვა ვარლამ გოლეთიანმაც.

კერძოდ, 22 მაისს ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩასულ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს გოლეთიანმა ჰკითხა ხიდაშელისთვის გადაცემულ მიწებსა და დაცული ტერიტორიების თანხვედრის თაობაზე, რაზეც სააგენტოს წარმომადგენლებმა პასუხი არ გასცეს და თქვეს, რომ ისინი ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან. ასევე მოუწოდეს ვარლამ გოლეთიანს, რომ ამ საკითხზე მათთან არ ესაუბრათ.

ერთადერთი ინფორმაცია, რაც გოლეთიანს შეხვედრაზე [არაფორმალურად] მიაწოდეს არის, რომ რაჭის დაცული ტერიტორიების დემარკაცია ჯერ არ მომხდარა და როცა ეს მოხდება “მაშინ გამოჩნდება [50 835 ჰექტრიდან] ტყის მასივი რამდენია, მყინვარი რამდენია…”.

რაც შეეხება “კაპრა კაუკასიკასთვის” ტერიტორიების მონაცვლეობას, “ნეტგაზეთმა” ამასთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართა დავით ხიდაშელს. კერძოდ, მას ვკითხეთ თუ მიიღო კომპანიამ რაჭის სამონადირეო მეურნეობის სალიცენზიო ფართობიდან ამორიცხული 7 436 ჰექტარი ფართობი ტყის სანაცვლოდ სხვა ტერიტორია, რაზეც მას პასუხი არ გაუცია.

დავით ხიდაშელმა რაჭის ტყეების საკითხის ირგვლივ მის მისამართით დაგორვებულ კრიტიკას 2022 წელს უპასუხა საჯარო განცხადებით. მან თქვა რომ, რადგან კანონმდებლობა, მთავრობა, იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასხმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ხედავს, რომ განზე გადგეს”.

ის ამბობდა, რომ მზად იყო თავისი ქონება, მათ შორის ლიცენზია რაჭაში 20%-იანი ფასდაკლებით გაესხვისებინა და დაელოდებოდა “ვინ რისი მყიდველი და ინვესტიციის შემომტანი იქნებოდა”. ამ დროისთვის ლიცენზიის მფლობელი კვლავ დავით ხიდაშელის კომპანიაა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...