ცნობები ბახმუტში ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე მცდარი აღმოჩნდა
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მოხალისე ზურაბ მუშუქია ცოცხალია. არასწორი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ გავრცელდა.
"წუხელ დამირეკა ვიდეოთი ღამის 3 საათზე, ცოცხალია. [მანამდე] იქიდან გვითხრეს ამხანაგებმა [გარდაცვალებაზე]... თვითონ დამიკავშირდა, არაფერი არ უთქვამს სხვა - ცოცხალი ვარო და დაღლილი, არ შემიძლია საუბარიო. ტელეფონი დაკარგული აქვს, თანამებრძოლის ტელეფონიდან დამირეკა", - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ მუშუქიას დედამ.
უკრაინაში მებრძოლს მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ესაუბრა "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ვიდეოზარით.
"დაჭრილი არ ვარ. არტილერია მუშაობდა ჩვენ მხარეს, ორი კაცი ვიყავით და ორივე კარგად ვართ", - ამბობს ზურაბ მუშუქია.
ზურაბ მუშუქიას დაღუპვასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას გუშინ, 8 ივნისს, ასე უპასუხეს: "უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ".
გასული წლის 16 აპრილს, როდესაც უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ზურაბ მუშუქია მძიმედ დაიჭრა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში დაღუპულია 44 ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.