დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ თითქოს საქართველოს ომში ჩართვას ვცდილობთ — კალიურანდი
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესისა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ლიდერები “კრემლის სახელმძღვანელოს” შესაბამისად საუბრობენ.
საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვრცელი კრიტიკული გამოსვლა მას დღეს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე ჰქონდა.
ევროპარლამენტარმა, რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს ევროპაში, საკუთარი გამოსვლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლელი პარტნიორების უკანასკნელი ერთი წლის ურთიერთობას ქაოსური უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფანჯარა ქვეყნისთვის ახლაა ღია, თუმცა შესაძლოა “ძალიან უცებ დაიკეტოს”.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველო იყო ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის მოწინავე ქვეყანა, თუმცა ახლა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია და ამ მხრივ უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტში.
ამავდროულად, კალიურანდის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ რეკომენდაციების 80% განხორციელებულია და ამბობს, რომ შემოდგომაზე ევროპელი პარტნიორებისგან “სამართლიან შეფასებას” ელის, რაც კალიურანდის განცხადებით შეკითხვებს აჩენს:
“რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირწმუნებოდა, 12 რეკომენდაციის 80% შესრულებულიაო და შედეგად, შემოდგომაზე ევროპელი პარტნიორებისგან ელის ე.წ. სამართლიან შეფასებას. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ამ მტკიცებებმა შეკითხვები გააჩინა, რომლებიც შეეხება შეფასებებსა და იმ ინფორმაციას, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან გვესმის.
წლების წინ საქართველო მოწინავე იყო აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. ფაქტია, რომ კვლავ შეუსრულებელია 12 რეკომენდაცია, ასევე, არის ფრაგმენტული და ხშირად ზედაპირულიც. ამასთან, ფაქტია, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება რამდენიმე მნიშვნელოვან დარგში.
ევროპარლამენტის წევრები, დასავლელი პარტნიორები და კოლეგები სხვა ინსტიტუციებიდან დაიღალნენ [საქართველოს] ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებისგან იმ მტკიცებების მოსმენით, რომ ჩვენ გვაქვს ე.წ. მცდელობა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტში ჩავითრიოთ.
ეს არის კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელო. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ეს [ომში ჩათრევა] არ გვინდა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. არცერთ თქვენს მეგობარს არ ჰქონია არც ერთხელ სურვილი, რომ სხვა ჩაეთრია სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი”, — განაცხადა კალიურანდმა.
მან ასევე განმარტა, რომ საქართველოს ჩამორჩენა უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით არ არის გამოწვეული იმით, რომ “სოხუმიდან რუსეთის ჯარი არ გაუძევებია”, არამედ ეს დაკავშირებულია მმართველი გუნდის პოლიტიკასთან:
“საქართველო ჩამორჩება პოლიტიკური სამართლიანობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და დაშინების, ასევე დასავლელი პარტნიორების, ევროპარლამენტარებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ სიძულვილის ენის გამო; უცხოელი აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხზე პოლიციის სისასტიკის გამო. რადგან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ირწმუნება, რომ ლგბტ პირთა უფლებების ადვოკატირება მიმართულია, ვციტირებ, “უმრავლესობის წინააღმდეგ უმცირესობის ძალადობისკენ”.
რადგან რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია აჩვენებს მთავრობის ჯიუტ უარს, შეუსაბამოს თავისი პოლიტიკა ევროკავშირის სანქციებს. ასევე, ახლახან რუსეთ-საქართველოს შორის აღდგენილი პირდაპირი ავიამიმოსვლა.
საქართველო დგას გზაჯვარედინზე და შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა. ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს არჩევანი ორ გზას შორის: ერთი ევროკავშირში მომავლისკენ მიდის, მეორე — უკან წარსულში. არჩევანი თქვენზეა.
თქვენზეა მომავალი თაობების წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ევროკავშირთან წევრობა არ არის მხოლოდ მშპ-ის ზრდა, ეს ასევე არის საერთო ღირებულებები და საერთო ვალდებულებები”, — განაცხადა ევროპარლამენტარმა.
კალიურანდმა ასევე აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია ოპოზიციასაც. მისი თქმით, ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ის, რომ არ შევიდა პარლამენტში და არ შეუერთდა მედიაციას. მისი თქმით, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის მონაწილეობას 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე საპარლამენტო საქმიანობაში.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.