Jump to content
Planeta.Ge

გია ვოლსკი - იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად


იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტთან არსებული განსხვავებების გამო, ხომ არ შეიძლება მივიდნენ იმპიჩმენტის პროცედურამდე.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს მექანიზმი გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ "ქვეყანა შეარყიონ".

 

„ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს და პრეზიდენტის ინსტიტუტი შესაბამისად უნდა იქნას დაფასებული. ქვეყნისთვის გაცილებით მძიმე იქნება ამ აზრთა სხვადასხვაობის გადაყვანა იმ არხში, როცა სპეკულაციური პოლიტიკური სუბიექტები ისარგებლებენ მდგომარეობით და ქვეყნის შერყევისთვის კიდევ დამატებით რესურსი და ბერკეტი მიეცემათ. ჩვენ ვჯერდებით მთავარ ფორმულაზე - დავაში იბადება ჭეშმარიტება და შევეცდებით ამ ფორმულით გავყვეთ იმ პერიოდს, რომელსაც პრეზიდენტის, კონკრეტული ადამიანის მმართველობის პერიოდი ჰქვია", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფერხების საფრთხე რეალურია.

 

"ლაშა ხუციშვილის მიმართ არათუ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას პრეტენზია არ აქვს, არამედ საკმაოდ დადებითი განწყობა აქვს და ასეთივე დადებითი განწყობა ჰქონდა პრეზიდენტსაც, მაგრამ როგორც ჩანს ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფერხების საფრთხე რეალურია, არსებობს და პოლიტსაბჭოს განცხადებაში მოყვანილი იყო რამდენიმე მძიმე მაგალითი, როცა საკითხი ეხება ცესკოს, მის შემადგენლობის, თავმჯდომარის არჩევას და თუკი იგივე კონტექსტში შეიძლება იქნეს ეს განხილული, როცა ინფლაცია, ვალუტის კურსია სამართავი, მნიშვნელობა აქვს იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ვეტო დადებულ კანონთან დაკავშირებით,"- განაცხადა ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ლაშა ხუციშვილი "ივანიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური პირია", ვოლსკი აცხადებს, რომ პოლიტიკური პირი შეიძლება ნებისმიერი იყოს და მთავარია პროფესიონალიზმი.

 

„პოლიტიკური პირი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს, გინდა ბიძინა ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული, გინდ ჩემთან და გინდ პოლიტსაბჭოს მთელ შემადგენლობასთან. აქ პროფესიონალიზმზეა ლაპარაკი და ეროვნული ბანკის საქმიანობაზე, რომელიც საგანგებო მნიშვნელობის მატარებელია, როცა ერთი კრიზისი, მეორე კრიზისი დაძლია ქვეყანამ და არც ომის თემაა დღის წესრიგიდან მოხსნილი, ამ ომს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. ფინანსების მართვა ვერ იქნება რა თქმა უნდა, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არ არსებობს, ერთადერთი შეიძლება საბოტაჟი გამოაცხადოს ამ სტრუქტურამ, ისევე როგორც ცესკომ, სადაც ისეთი სისტემაა, რომ ვერ გააყალბებს, მაგრამ საბოტაჟი შეუძლია გამოაცხადოს. არ ველოდებით, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელი შემადგენლობა საბოტაჟისკენ წაიყვანს საქმეს, მაგრამ თუკი საბჭო შეივსება მაღალი დონის პროფესიონალებით, როგორიც ლაშა ხუციშვილია, ამაში არათუ ცუდი იქნება რაიმე, არამედ მისასალმებელი იქნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...