უკრაინაში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი წარმოშობით ქართველი
უკრაინელმა სამხედროებმა ახლახან ტყვედ აიყვანეს წარმოშობით ქართველი პირი ნ.ბ., რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის.
უკრაინელების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ერთ-ერთი ტყვე წარადგენს თავს ქართული სახელითა და გვარით და როგორც თავად ამბობს, ცხოვრობს რუსეთში, ამურის ოლქში და მსახურობს კერძო სამხედრო კომპანია “ვეტერანში”. ეს კომპანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ.
ტყვედ ჩავარდნილის სოციალური მედიის პროფილის მიხედვით, მან ქართული ენა იცის და საქართველოში გაიზარდა. ის სავარაუდოდ 50 წლის უნდა იყოს.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ტყვედ აყვანილი პირი არის ასევე რუსეთის მხარეს მებრძოლი გივი ვანიშვილი, თუმცა ეს სხვა ადამიანია.
რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, ესაა პირველი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა, როცა რუსეთის მხარეს მებრძოლი წარმოშობით ქართველი პირი აიყვანეს ტყვედ.
ვიდეოში ნ.ბ. და მასთან ერთად ტყვედ აყვანილები ამბობენ, რომ წარმოადგენენ „ჩე-ვე-კა [კერძო სამხედრო კომპანიის რუსული აბრევიატურა] ვეტერანს“.
ეს შედარებით ახლახანს შექმნილი დაჯგუფებაა, რომელიც, რუსული მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროსაა დაქვემდებარებული, უწყების ხელმძღვანელობასთან კონფლიქტში მყოფი ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ საწინააღმდეგოდ. სწორედ თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჩამოართვეს პრიგოჟინს მსჯავრდებულთა საომრად დაქირავების უფლება.
ღია წყაროებში განთავსებული ინფორმაციით, „ვეტერანში“ გაწევრიანება საკმაოდ მარტივია – ერთადერთი შეზღუდვა ასაკობრივია, 20-დან 55 წლამდე. მებრძოლებს თვიურად 240 ათას რუბლს [7700 ლარზე ოდნავი მეტი] ჰპირდებიან, შეუზღუდავი პრემიით. ამჟამად ეს დანაყოფი ბახმუტის მიდამოებში იბრძის.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.