პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და ბანკის საქმიანობას დაბრკოლებას უქმნის - „ოცნება“
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ცოტახნის წინ, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებებს ეროვნული ბანკის საქმიანობას.
ამავე განცხადებაში „ოცნება“ ისევ აღნიშნავს, რომ თავს იკავებენ „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან”.
„რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან.
თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და მათი ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს, “- ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებების გამო, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ასევე, ახსენებენ განცხადებაში, რომ სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე.
ამჯერად კი, როგორც მმართველ პარტიაშ ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულ დაბრკოლებებს უქმნის ეროვნული ბანკის საქმიანობას.
„ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა.
საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა.
პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.
იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.