ზაკაევი: ჩეჩნეთში ოპოზიცია არ არსებობს, საქართველოში რუსეთის უნებართვოდ ვერ შემოვიდოდნენ
დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი „TV პირველთან“ აცხადებს, რომ დღეს ჩეჩნეთში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს და ვინც კადიროვის რეჟიმს არ ეთანხმება, ქრება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ესკორტით, კადიროვის წარმომადგენლები იყვნენ.
„ეს ადამიანი არავითარი ოპოზიცია არ არის კადიროვის, დღეს ჩეჩნეთში არავითარი ოპოზიცია არ არსებობს, ადამიანები, რომლებიც აკეთებენ განცხადებებს და არ ეთანხმებიან კადიროვის რეჟიმს, ეს ადამიანები ცოცხლები ვერ რჩებიან, ისინი უბრალიდ ქრებიან. ეს ადამიანები ფიცს დებენ კადიროვის ერთგულებაზე, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩეჩნეთში დღეს არ არსებობს კადიროვის ოპოზიცია. ადამიანები, რომლებმაც გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ისინი არიან კადიროვის წარმომადგენლები“, – განაცხადა ზაკაევმა „რეაქციის“ ეთერში.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ არიან.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯგუფი, რომელიც ოთხი მანქანით გადაადგილდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ისინი ვერ გადალახავდნენ საქართველოს საზღვარს რომ არ ყოფილიყო შესაბამისი მითითება ან ზარი რუსეთის ხელისუფლებიდან საქართველოს ხელისუფლებაში.
ასე უცებ ვერ მოხვდებოდა ეს ესკორტი საქართველოში რომ არ ყოფილიყო წინასწარი ნებართვა. ასეთ შემთხვევაში ნებართვებს გასცემენ უმაღლესი რანგის პირები. ეს პირები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, სამწუხაროდ, არიან რუსეთის ძალიან დიდი გავლენის ქვეშ. ახლა ეს არის ერთგვარი ტესტი, მაჩვენებელი თუ რა სახის თანამშრომლობა მიმდინარეობს. ამ ადამიანებს უფროსი ჰყავთ ერთი – კადიროვი“ — ამბობს ახმედ ზაკაევი“, – განაცხადა აჰმედ ზაკაევმა.
გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხვა ადგილას, რუსულნომრებიანი მანქანების ესკორტი გადაადგილდება.
საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ერთ-ერთი ავტომობილის ნომერი ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის ოჯახის მიერ სხვადასხვა დროს თავიანთი მანქანისათვის გადაღებულ ვიდეოკადრებში დაფიქსირებულ ნომერს დაემთხვა.
რუსულნომრიანი მანქანების ესკორტის გამოჩენას ხელისუფლებიდან 4 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე გამოეხმაურა. სამხარაძე წერდა, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოში გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული, არცერთ მათგანს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.
„რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა.
სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია“, – წერდა დიტო სამხარაძე.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.