დეპუტატი ინჯია სატელეფონო ბაზრის 25.19%-სა და ინტერნეტბაზრის 6.2%-ს აკონტროლებს - IDFI
ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) ქართულ ბინესში რუსულ კაპიტალსა და რუსულ კავშრებზე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების ინიციატივებით ცნობილი პარლამენტის წევრის ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშვნელოვანი გავლენა.
IDFI-ის მიხედვით, ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს. ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი – „ფოპნეტი”. ამ უკანასკნელის ბიზნესპარტნიორია რუსული კომპანია „ვესტელკომი”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია „როსტელეკომის“ შვილობილი კომპანიაა.
ფრიდონ ინჯიას ბიზნესი და რუსული კავშირები
ანგარიშის თანახმად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე, ფრიდონ ინჯია 1992-1998 წლებში იყო საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი. ახლა ის, ოჯახთან ერთად, ფლობს სატელეფონო და ინტერნეტსერვისების რამდენიმე კომპანიას.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ფრიდონ ინჯიას ტელეკომუნიკაციების ბიზნესში შესვლა მთავრობაში მისი ყოფნის პერიოდს ემთხვევა. 2001 წელს პროკურატურამ მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 14 მლნ დოლარის გაფლანგვაში დასდო ბრალი, მაგრამ პარლამენტმა ინჯიას იმუნიტეტი არ მოუხსნა და საქმე დაიხურა.
ფრიდონ ინჯია არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, რომელიც პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ფრიდონ ინჯიამ „პატრიოტთა ალიანსი“ პარტიის სხვა წევრებთან ერთად დატოვა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.
„ეს პოლიტიკური სუბიექტი საჯაროდ ანტიდასავლური და NATO-ს მიმართ სკეპტიკური განცხადებებით პოზიციონირებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რუსეთთან დაახლოებას, “- ნათქვამია ანგარიშში.
ფრიდონ ინჯიას კომპანიები კომუნიკაციებში:
- „ახალი ქსელები“
- „სისტემ ნეტი”
- „ფოპნეტი”
- CGC
ანგარიშის თანახმად „ახალი ქსელებისა” და CGC-ის მეშვეობით, ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25,19 %-ს. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 341,742 ადამიანი იყენებდა ამ სერვისს საქართველოში. ინჯიას კომპანიები ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6,2% იკავებს (საერთო ჯამში, ამ ბაზარზე სულ 970,067 აბონენტია). „სისტემ ნეტი” და „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი – ფოპნეტი” საბითუმო ბაზარზე ოპერირებენ.
„ახალი ქსელები“ ქართულ ფიქსირებულ სატელეფონო ბაზარზე სიდიდით მეორე კომპანიაა, რომელიც ბაზრის 22,78%-ს აკონტროლებს. „ახალი ქსელები“ ასევე აკონტროლებს ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 4,7%-ს. კომპანია ინტერნეტმომსახურებას უწევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 45 ათასზე მეტ აბონენტს.
კომპანიის აქციები ახალ ქსელებში ნაწილდება შემდეგნაირად: ფრიდონ ინჯია – 46,238%; LTD System Net – 10%; ავთანდილ იაშვილი – 33,177% (ინჯიას ბიზნესპარტნიორი); 10% აქციების მფლობელია 6 სხვადასხვა პირი. ფრიდონ ინჯია და მისი ოჯახი ფლობს შპს „სისტემ ნეტის” (LTD System Net) 49,89%-ს.
კომპანიის ძირითადი აქციონერები არიან:
-
ილია ინჯია (ფრიდონ ინჯიას შვილი) – 24,709%;
-
ხათუნა ინჯია (ფრიდონ ინჯიას შვილი) – 5,714%;
-
ფრიდონ ინჯია – 15,318%;
-
ლალი რუხაია (ფრიდონ ინჯიას მეუღლე) – 4,149%;
-
ავთანდილ იაშვილი (ინჯიას ბიზნესპარტნიორი) – 29,349%
-
აქციების 20%-ს 11 სხვა პირი ფლობს.
თავის მხრივ, „სისტემ ნეტი“ ფლობს კომპანია კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (GGC) წილების 49%-ს.
CGC რუსთავის მოსახლეობას ინტერნეტ, სატელევიზიო და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას უწევს. მისი ჯამური წილი ფიქსირებულ სატელეფონო ბაზარზე 2,49%-ია (8,517 მომხმარებელი). გარდა ამისა, ის ფლობს ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის 1,4%-ს (13,865 აბონენტი). ამ კომპანიის აქციონერები არიან:
- „სისტემ ნეტი” – 49,89%
- შპს „ჯენერი” – 13%
- Monemvasia Shipping & Trading Company – 13%
- COSMOTE ტექნიკური მომსახურება (საბერძნეთი) – 25%
ანგარიშის თანახმად, ფრიდონ ინჯიას მეუღლეს, ლალი რუხაიას აქვს ორმაგი მოქალაქეობა რუსეთსა და საქართველოში და არის „ახალი ქსელების“ ფრიდონ ინჯიას წილების მმართველი. ლალი რუხაია ასევე არის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ფრიდონ ინჯიას შვილს, ილია ინჯიასაც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ილია ინჯია და ლალი რუხაია არიან მენეჯერულ პოზიციებზე ფრიდონ ინჯიას სხვა კომპანიებშიც.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ფრიდონ ინჯიას ინტერესები საკომუნიკაციო ბიზნესში არ შემოიფარგლება მხოლოდ „ახალი ქსელებისა“ და „სისტემ ნეტის“ ფლობით. ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს „ფოპნეტი”. კომპანიის მფლობელები არიან: „სისტემ ნეტი“ (ინჯიას კომპანია) – 50%; ფრიდონ ინჯია – 22,3%; ილია ინჯია – 3%; ავთანდილ იაშვილი – 14,3%; აქციების 10%-ს 4 სხვა ადამიანი ფლობს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.