Jump to content
Planeta.Ge

შალვა პაპუაშვილმა ილიაუნისთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა


პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის, როგორც ასოცირებული პროფესორის, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ხელახალ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიიღო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გამეზარდაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ სამართლის სკოლაში კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ორ საშტატო ერთეულზე კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანება 23 იანვარს გამოიცა. ბრძანების მიხედვით, საბუთების შეტანის ვადა განსაზღვრული იყო 2023 წლის 29 მარტიდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით.

კონკურსი 2 მაისს დასრულდა. საკონკურსო განაცხადი მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა შეიტანა, მეორე ვაკანსია ვერ შეივსო.

როგორც ილიაუნიში განგვიმარტეს, ასოცირებულ პროფესორებს უნივერსიტეტში სამი ან ოთხი წლის ვადით უფორმდებათ ხელშეკრულება. აკადემიური პერსონალის ვადის გასვლის შემდეგ ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც საჯაროა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მაია გამეზარდაშვილის ინფორმაციით, წინა კონკურსი 2020 წელს ჩატარდა და პაპუაშვილი მასში მონაწილეობდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარლამენტის ვებგვერდებზე ატვირთული CV-ის მიხედვით, შალვა პაპუაშვილი სამართლის სკოლაში 2015 წლიდან მუშაობდა. ის კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი იყო. ამ ეტაპზე ილიაუნის ვებგვერდზე მისი პორტფოლიო მიუწვდომელია.

შალვა პაპუაშვილის პოზიციის მოსასმენად „პუბლიკა“ პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მისი მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


რა ხდება ილიაუნის გარშემო

4 მაისს ტელეკომპანია POSTV-იმ კიდევ ერთხელ მოამზადა სიუჟეტი „მაღალჩინოსანი ნაცების თავშესაფრად ქცეული ილიაუნი – ფინანსური სკანდალი“. სიუჟეტის დასაწყისში ჩამოთვლილია იმ პროფესორთა და ლექტორთა სია, რომლებიც, მათი შეფასებით, „ანტისახელმწიფოებრივი ნაცები“ არიან. მათ შორის მოხვდნენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ალიკა კუპრავა, კონსტანტინე კუბლაშვილი, თამარ კინწურაშვილი, გია ბუღაძე და სხვა.

საინიციატივო ჯგუფი „სტუდენტები სამართიანობისთვის“ აცხადებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. მათი თქმით, ადმინისტრაციიდან გამოითხოვეს ფინანსური დოკუმენტაცია, თუმცა სრული ინფორმაცია ვერ მიიღეს. რამდენიმე კვირაა, სტუდენტების შესახებ საინფორმაციო მასალებს სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები აქტიურად ამზადებენ.

მათ საპასუხოდ ილიაუნიმ არაერთხელ განმარტა, რომ ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს. უნივერსიტეტმა ბრალდებებს ვრცელი პასუხი გასცა და გარკვეული დოკუმენტაციაც გაასაჯაროვა.

2 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო ილიაუნის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის ოჯახის ტრაგედიაზე. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ ილიაუნის პროფესორების ნაწილმა საერთო განცხადება გაავრცელა და დობორჯგინიძესა და ილიაუნის მხარდაჭერა გამოუცხადა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...