სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი სასამართლოში — საბა ბრაჭველი
2 ივნისის აქციაზე პლაკატის გამო დაკავებული უფლებადამცველი საბა ბრაჭველი ავრცელებს სიტყვას, რომელიც სასამართლოში უნდა წარმოეთქვა.
“სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი სასამართლოში, რადგან სასამართლოში არ წაგვიყვანეს და რომელსაც ვიტყვი, თუ პროცესი ოდესმე ჩაინიშნა”, — ასე ასათაურებს ბრაჭველი “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ ტექსტს.
უფლებადამცველის სიტყვა 2 ივნისის მოვლენებს, მისი დაკავების გარემოებებსა და პოლიციაში გატარებულ საათებს ეხება.
საბა ბრაჭველი ამ პროცესების კონტექსტში საუბრობს უკანონობაზე, პოლიციის ძალადობასა და იმაზე, თუ როგორ აისახება სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოს იმიჯზე ევროპაში.
“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ უფლებადამცველის სიტყვას.
ბატონო მოსამართლე,
სხდომაზე დამსწრე აუდიტორიის დიდი ყურადღება ამ პროცესისადმი სრულიად დამსახურებულია, რადგან დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი. ეს საკითხი არ არის ის, შეუძლია თუ არა მოქალაქეს, ეჭიროს ხელში თაბახის ფურცელი, ცარიელი ან წარწერით ‘ირაყლი’ და იდგეს რუსთაველის ქუჩაზე – საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და სტრასბურგის სამართალი ამ კითხვაზე ნათელ პასუხს იძლევა.
დღეს შეკრებილ მოსახლეობას აინტერესებს ის, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოს პოლიციამ, გაეფლანგა უდიდესი საპოლიციო რესურსი – 50-მდე ეკიპაჟი, ასობით ლიტრი საწვავი, დროებითი მოთავსების იზოლატორისა და სასამართლოს რესურსები მხოლოდ იმისთვის, რომ 5 ადამიანს ხელში პლაკატი არ სჭეროდა. რატომ დაივიწყეს მათ საკუთარი მოვალეობა – კრიმინალთან ბრძოლა – რომელსაც მათივე ანგარიშებით, წლიდან წლამდე სულ უფრო ცუდად უმკლავდებიან, და რატომ გახდა მათი პრიორიტეტი თაბახის ფურცლების დევნა?
მე ჩემს თაბახის ფურცელზე მოვყვები. პარასკევს საღამოს მეგობრებთან ერთად ვიყავი სახლში და თავსხმა წვიმაში გარეთ გასვლას არც ვაპირებდი, მაგრამ ფეისბუქზე ვნახე ვიდეო, რომელმაც აღმაშფოთა. პარლამენტის წინ მჯდარ ადამიანთან, ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე, მივარდა პოლიცია, წაართვა და გაუნადგურა საკუთრება, დაურღვია ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება და უკანონოდ დააკავა. მე ამან გამაბრაზა, არა მხოლოდ როგორც ადამიანის უფლებების იურისტი, რომელმაც გადასარევად იცის, რომ ეს გამოხატვა კანონის ფარგლებში სრულად ჯდებოდა, არამედ როგორც ადამიანი, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც აცნობიერებს, რომ თაბახის ფურცლების გამო ადამიანების დაკავება ავტორიტარიზმის უტყუარი ნიშანია.
მე გავედი რუსთაველზე და დავიკავე თაბახის ფურცელი იმავე წარწერით, რადგან მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესი ქვეყანა, ვიდრე რუსეთი ან ბელორუსია. ჩემი ეს მოქმედება იყო ჩემი თანამოქალაქის გამოქომაგების, სოლიდარობის აქტი, რადგან არ შეიძლება პოლიციის მიერ ადამიანზე ძალადობას წესრიგის აღდგენას არქმევდნენ და ჩვენ ამას მშვიდად ვხვდებოდეთ.
აქციაზე ჩემს თანამოაზრეებთან დგომის დროს ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი, სერგი ბზიშვილის მეთაურობით (რომელსაც ალბათ ჰგონია, რომ მისი სახელი არ ვიცით, მაგრამ სახალხო დამცველის აპარატში 7 წელი მუშაობა ბევრი საგმირო საქმის ავტორს გამახსოვრებინებს). მან მითხრა, მიმეცა მისთვის ჩემი პლაკატი, რაზეც მივუგე, რომ ეს ჩემი საკუთრება იყო და არ მივცემდი. მან მითხრა, ‘არალამაზი რამე’ აწერია ზედო, რაზეც ავუხსენი, რომ ჯერ ერთი, ეს უცენზურო სიტყვა არ იყო და მეორე, რომც ყოფილიყო, ეს დაცული იყო ჩვენი კანონმდებლობით და სტრასბურგის სამართლით. მეტიც, ‘პანორამა არა ####’ წარწერაზეც კი თქვა სტრასბურგმა, ადამიანის ამის გამო დაკავება არ შეიძლებათქო.
არ ვიცი, სტრასბურგის ხსენების გამო გაბრაზდა ბატონი სერგი თუ პანორამის გამო, ამ დროს უბრძანა თავის ქვეშევრდომებს, ეს გაიყვანეთო, რის შემდეგაც წამაქციეს, ტერიტორიიდან გამიყვანეს, ხელბორკილები დამადეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს იმ ფურცლის წართმევა. ცხადია, სამართლის სრული უგულებელყოფით.
ბატონო მოსამართლევ, სტრასბურგის სამართალზე ამდენს იმიტომ ვსაუბრობ, რომ მე დღემდე, ამ დროისთვისაც, ევროსაბჭოს ეროვნული კონსულტანტი ვარ – ბრიტანელ და სლოვენიელ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობ, რომ საქართველოში გაიზარდოს სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებელი. წინა კვირებში ჩვენ ვხვდებოდით საქართველოს პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებს, საბოლოო ჯამში ერთი კითხვით – რატომ არის საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის უკანასკნელ ხუთეულში სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლით? რატომ არ ასრულებს მთავრობა ჩვენთვის სავალდებულო გადაწყვეტილებებს და საქართველოს პოლიცია, როგორც ეს ძველ ქართულ ფილმშია, რატომ გვჭრის თავს მთელი ევროპის მასშტაბით? ორშაბათს, 12 საათზე, მე ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა მაქვს ჩანიშნული და მაინტერესებს, რა უნდა ვუთხრა მათ პანორამას საქმის აღსრულებაზე, როცა მე და ჩემს თანამოაზრეებს გაცილებით უფრო მსუბუქი წარწერის, ანდა საერთოდ ცარიელი თაბახის ფურცლების გამო გვიჭერენ? რატომ უნდა მრცხვენოდეს მე ქართული პოლიციისა და ბზიშვილების საქციელების გამო?
როცა დაკავებული თელავში მივყავდი, მერე გურჯაანში და ბოლოს – ისევ თელავში (ქართული პოლიციის სანაქებო ორგანიზებულობის ნიშნად), ჩემმა მეწყვილეებმა აღმოაჩინეს, რომ პოლიცია, მისი ორგანიზაცია და კულტურა ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ედინბურგის უნივერსიტეტში ჩემი სამაგისტროც ამ თემას შეეხებოდა. მე მათ ვუყვებოდი ყველა ქვეყნის პოლიციელებისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშან-თვისებებს და შემდეგ ვუთხარი იმ ნიშანზეც, რაც კონკრეტულად ქართულ პოლიციას ახასიათებს – სრული, ყოვლისმომცველი და ყველგან გაჟღენთილი სიცრუე. სიცრუე, რომელიც გახდა ქართული პოლიციის modus operandi და რომლის გარეშეც ის უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებს.
და სანამ მეორე მხარე გააპროტესტებდეს, ეს ყველაფერი ამ საქმესთან რა შუაშიაო, ჩემი საქმიდან მოვყვები პოლიციის სამარცხვინო ტყუილების კასკადს:
– ჩვენს პროცესზე მოვა, ფიცს დადებს და ჩვენებას მისცემს ბატონი დავითი. ბატონი დავითი არის ადამიანი, რომელმაც თავი გაიფორმა, თითქოს მან დამაკავა მე. ცხადია, ეს სრული სიცრუეა – იგი მე მხოლოდ რამიშვილის ქუჩაზე, პოლიციის დეპარტამენტში ვნახე. ის არ ჩანს არც ერთ ვიდეოში და ვიდეოც არ არის საჭირო ამ სიცრუის აღსაქმელად – ბატონ დავითს რომ შეხედოთ მიხვდებით, რომ, სრული პატივისცემის მიუხედავად, რუსთაველზე ის რომ დამჯაჯგურებოდა, ჩემს მორევას ნამდვილად ვერ შეძლებდა.
მაგრამ ბატონი დავითი დაიფიცებს და მოიტყუება, რადგან ის ტყუილს მიეჩვია და ჩვენც, ყველამ, რაღაცნაირად გადავწყვიტეთ, რომ პოლიციის ტყუილები ნორმალური და მისაღებია.
– ბატონი დავითი არის ადამიანი, რომელმაც ექვსი საათის განმავლობაში არ დამარეკინა. არ დამარეკინა არც ოჯახთან, რომ ორი სიტყვით მეთქვა, რომ კარგად ვარ, არც ადვოკატთან, და არც სახალხო დამცველთან, რომ მეთქვა, ჩემს გვერდით 19 წლის ბიჭია, რომელიც წეღან გაიყვანეს და დაბრუნებულმა მითხრა, პოლიციელმა შემაგინა და ხელი დამარტყაო. უამრავი წინასწარვე აშკარად ტყუილი სამარცხვინო დაპირების მიუხედავად, სანამ თელავში არ ჩავედი, ვერავისთან შევძელი დაკავშირება. გზაში ვეუბნებოდი, ვიცი, რომ არ დამარეკინებთ და მეხუთეკლასელივით მაინც რატომ იტყუებითთქო.
– ბატონი დავითი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ დაკავების ოქმზე ხელი მომეწერა, მაგრამ ძალიან არ უნდოდა, რომ მასზე შენიშვნა გამეკეთებინა. როცა მე შენიშვნა მაინც გავაკეთე (ჩვენი პოლიციელების სანაქებო კომპეტენტურობის წყალობით) და მივუთითე, რომ არ ვეთანხმებოდი არც დაკავების გარემოებებს და არც სამართლებრივ შეფასებას, ბატონი დავითი – მამაჩემისხელა კაცი – გაფითრდა, ენა დაება და თავის უფროსთან გაიქცა, ეს რა გამიკეთა, ხელახლა ხომ არ გადავწერო ოქმიო.
ბატონო მოსამართლევ, რატომ ეშინიათ პოლიციელებს იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი კანონისმიერი უფლებებით ვისარგებლოთ?
– და ბოლოს, ბატონი დავითი, თუ ესეც არ მოიტყუა, არის ადამიანი, რომლის შვილიც სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტში. ხანდახან, ალბათ, აქციებზეც დადის ხოლმე. და ბატონ დავითს სულაც არ რცხვენია იმის, რომ მისი შვილის მეგობრებს უკანონოდ იჭერს. სწორედ ეს არის, ბატონო მოსამართლევ, ამ საქმის მთავარი ტრაგედია, და არა ჩემი 48-საათიანი კარანტინი, რომლის დროსაც კარგად გამოვიძინე და მედიტაციებსაც მივმართე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენი პროცესი არ შეეხება იმას, თაბახის ფურცლებით რუსთაველზე დგომა არის თუ არა ჩვენი უფლება. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან კონსტიტუცია, კანონმდებლობა და სტრასბურგის სამართალი უბრალოდ კითხვის ნიშანს არ ტოვებს. არა, ჩვენი სხდომის მთავარი კითხვა შემდეგია:
– როდის შევთანხმდით – ჩვენ, თქვენ, ყველა – რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ უკეთეს პოლიციას?
– როდის შევთანხმდით, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს არა ქართული პოლიცია, რომელიც ხალხს და საქართველოს ემსახურება, არამედ ბელორუსული მილიცია, რომელიც თაბახის ფურცლებს დასდევს და საკუთარი მოვალეობა დავიწყებია?
– როდის გადაწყდა, რომ ქართველი პოლიციელი უნდა იქცეოდეს არა როგორც გმირი, რომელიც ის წესით უნდა იყოს, არამედ, როგორც რიგითი მატყუარა, რომელიც საკუთარ ღირსებასაც გადააბიჯებს, თუ უფროსმა უბრძანა?
– როდის გადაწყდა, რომ პოლიციის ძალადობას, კარვების წართმევას, წვიმაში მყოფი დედებისთვის თავშესაფრის მოშლას და სხვა უკანონობებს წესრიგის აღდგენა უნდა ერქვას?
ბატონო მოსამართლე, ამ პროცესში მე არ ვგრძნობ თავს ბრალდებულად. ეს მე ვდებ ბრალს საქართველოს პოლიციას, რომ ისინი ხალხის ნაცვლად ჩინოვნიკებს ემსახურებიან.
და რაც მთავარია, არ მოვიდა ცვლილებების დრო? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? როდემდე უნდა ვიყოთ ასე?
2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
პოლიცია პარლამენტის კიბეზე მყოფ მოქალაქეებს ხელს უშლიდა მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებაში და ხელიდან გლეჯდა სხვადასხვა შინაარსის პლაკატებს, მათ შორის — ცარიელ ფურცლებს.
დაკავებულთა შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტები – ნიკა რომანაძე და ლაშა ჯანჯღავა და სხვები.
კადრების მიხედვით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს — ედუარდ მარიკაშვილს — ხელში ცარიელი ფურცელი ეკავა.
შსს-მ “ნეტგაზეთს” 7 ადამიანის ადმინისტრაციულად დაკავება დაუდასტურა. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
3 ივნისს პარლამენტთან გაიმართა აქცია სიტყვის თავისუფლების დასაცავად, სადაც მოქალაქეებმა კვლავ მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის მრავალი პლაკატი.
2 ივნისს მომხდარი ინციდენტები არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.
პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.
სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა. 3 ივნისს, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა იმაზე დიდი იყო, ვიდრე გასულ დღეებში, ბექა გრიგორიადისმა კარვის გაშლა მოახერხა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.