Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, რუსულმა ტერორმა ჩვენი ასობით შვილი შეიწირა


დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.

„სამაშველო ოპერაცია დნეპრის რეგიონში დასრულებულია. დაშავდა 25 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დევიდი, რომელიც ექვსი წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. 11 წლის დენისი ასევე მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზებულია. ათი წლის კირას ნაღმის აფეთქებისგან ტრავმა აქვს. რუსულმა რაკეტამ ორი წლის გოგონა, ლიზა მოკლა. მტკივნეულია ასეთი ცნობების მოსმენა, ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს. რუსულმა ტერორმა ჩვენი ასობით შვილი შეიწირა. მხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ, ფართომასშტაბიანი ომის დროს, ვიცით, რომ 485 ბავშვი დაიღუპა. ეს არის რიცხვი, რომელიც შეგვიძლია, ოფიციალურად დავადასტუროთ, რეალური რიცხვები კი უფრო მაღალია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინის მიწაზე რუსული დანაშაულების გამოძიებაში, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას სამართლიანობისთვის.

ზელენსკის თქმით, ამ ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებლობის დაკისრებაა, რომლის სავალდებულო ნაწილიც სანქციებია.

„მსოფლიოს სანქციები, რომლებიც აიძულებს რუსეთს, გადაიხადოს ფასი იმისთვის, რასაც აკეთებს. სანქციები, რომლებმაც მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ რუსეთის ტერორის შესაძლებლობები. დღეს მე გავმართე სპეციალური შეხვედრა სანქციების შესახებ. ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ, როგორ იცილებს რუსეთი სანქციებს და ვინ ეხმარება მას. სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა კომპანია, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ აწარმოებდა ტერორისტულ იარაღს, მათ შორის რაკეტებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად განიხილეს ყველა გზა იმისთვის, რომ რუსული რაკეტები და იარაღი არ შეიცავდეს თავისუფალი სამყაროსგან მიწოდებულ ნაწილებს და ამისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...