შსს-ს ამ დრომდე რეგიონულ იზოლატორებში გადაყვანის საჭიროება არ განუმარტავს - TI და ISFED
„შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი”, – ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.
ორგანიზაციების თქმით, შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
რაც შეეხება 2 ივნისს თბილისში დაკავებულებს (მათ შორის სამი უფლებადამცველი), როგორც NGO-ები წერენ, დაკავებულების რეგიონულ იზოლატორებში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამ დრომდე განმარტების არ გაკეთება ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დაკავებულთათვის დაცვის უფლების შეზღუდვა და ადვოკატებთან შეუფერხებელი კომუნიკაციის ხელშეშლა შეიძლება ყოფილიყო.
„2 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ, მსგავსი შინაარსის ბანერების გამო, მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე დააკავეს, რომლებიც თელავის, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. შსს-ს ამ დრომდე, დაკავებულთა რეგიონალურ იზოლატორებში გადაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. რაც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დაკავებულთათვის დაცვის უფლების შეზღუდვა და ადვოკატებთან შეუფერხებელი კომუნიკაციის ხელშეშლა შეიძლება ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაკავებულებს დაუსაბუთებლად, დაკავების ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივდათ.
შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი”, – წერია განცხადებაში.
2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. აქციაზე, თავდაპირველად, ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე.
3 ივნისს კი ბათუმში, ერას მოედანზე გამართულ სოლიდარობის აქციაზე ბანერების გამო 6 პირი დააკავეს. აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნების ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს. იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.