Jump to content
Planeta.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაიკავა


რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰაკან ფიდანმა დაიკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა.

ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. ყოფილი სამხედრო ჰაკან ფიდანი ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე ცნობილია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელი უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და „აზოვსტალის“ დამცველების გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

თურქეთის ახალ კაბინეტში შეიცვალა თავდაცვის მინისტრიც. ქვეყნის თავდაცვის უწყება გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა იასარ გულერმა ჩაიბარა, რომელმაც პორტფელი ჰულუსი აკარისგან გადაიბარა. იასარ გულერი ხელმძღვანელობდა თურქეთის სამხედრო შეჭრას სირიაში და აკონტროლებდა შემდგომ სამხედრო ოპერაციებს სირიასა და ერაყში.

ერდოღანმა ახალი კაბინეტის წარდგენისას საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ყოფილი ბანკირი, მეჰმეთ სიმსეკი ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად დაასახელა. მეჰემეთ სიმსეკი ფინანსთა მინისტრად 2009-2015 წლებშიც მუშაობდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯევდეთ ილმაზი დაიკავებს. ილმაზი 2020 წლის ნოემბრიდან თურქეთის პარლამენტის დაგეგმვისა და ბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარეა.

პოლიტოლოგების შეფასებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო და თავდაცვის მინისტრების თანამდებობებზე ისეთი ადამიანები წარადგინა, რომელთა მიმართაც მაღალი ნდობა აქვს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...