Jump to content
Planeta.Ge

„დაიცავი გამოხატვის თავისუფლება“ — 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება


3 ივნისს 21:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბანერებით შეიკრიბებიან:

„30 მაისიდან მოყოლებული „ჯიუტებს“ ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს „ჯიუტის“ წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია – პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ,“ — ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული პირი არასრულწლოვანია.

2 ივნისს მომხდარი ინციდენტები პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...