Jump to content
Planeta.Ge

„დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებაში გაუგებარი მიზეზით პოლიციის უხეში ჩარევა“ — ომბუდსმენი


სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

გუშინ, 2 ივნისს გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.

„ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე მოახდენენ აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ასევე, თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ასეთი ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული პირი არასრულწლოვანია.

2 ივნისს მომხდარი ინციდენტები პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარებაში ხელს უშლის. ეს მოხდა პირველი ივნისის საღამოსაც, როცა ძალოვნები აქტივისტებთან მივიდნენ, პლაკატები წაართვეს და დაუხიეს.

პირველ ივნისს კიდევ ერთი ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ მოხდა. ამ შემთხვევაში პოლიციამ რუსული კანონის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა. ის კარვის გაშლას ცდილობდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გრიგორიადისი 2 000 ლარით დააჯარიმა.

netgazeti

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...