Jump to content
Planeta.Ge

მიხაილო პოდოლიაკი - დაე, ვიქტორ ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს.

მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს.

„ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან შეგუება. ეს არის აგრესორის შეგნებული გამართლება და წახალისება, გააგრძელოს უკრაინის/ევროპის განადგურება. თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აწუხებს დანაკარგები, დაე, დაურეკოს თავის „მეგობარ პუტინს“ და სთხოვოს, რომ რუსული შეიარაღებული ფორმირებები გასცდნენ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ომი დასრულდება და აღარ იქნება დანაკარგები და აღარავინ დაიღუპება.

„ომის დასრულების წინაპირობა მხოლოდ ოკუპანტის შეიარაღებული კონტინგენტისა და აღჭურვილობის სრული გაყვანაა. ვინმეს გსმენიათ რუსეთის მიმართ ორბანის მსგავსი მოწოდებები?“- განაცხადა პოდოლიაკმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.

„უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”, - აღნიშნა ორბანმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...