Jump to content
Planeta.Ge

რუსი ავიაექსპერტები - ქუთაისის აეროპორტი ევროპულ რეისებში სტამბოლისა და ერევნის აეროპორტებს გაუწევს კონკურეციას


რუსებს მოსკოვი-ქუთაისის რეისის განახლება ევროპაში იაფი ფრენებისთვის ეჩქარებათ. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დიმიტრი გორინი Forbes-თან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ქუთაისის მიმართულებით ფრენა „მეტად საინტერესოა,“ რადგან იქიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air ევროპის მიმართულებით, კერძოდ, ვარშავაში, ლარნაკაში, ბარსელონაში, რომში, პარიზში და სხვა ქალაქებში დაფრინავს.

გორინს Tutu Travel Service-ის ავიაბილეთების მიმართულების ხელმძღვანელი, დენის პოკრასენკოც ეთანხმება. მისი თქმით, „ის ფაქტი, რომ ქუთაისი არის Wizz Air-ის ერთ-ერთი ჰაბი, რუს მოგზაურებს უქმნის უამრავ შესაძლებლობას იაფი ფრენისთვის.

„ქუთაისის მიმართულებით რეისების გახსნით მათ ევროპაში ფრენის ახალი ვარიანტები ექნებათ,“ - განუცხადა Forbes-ს პოკრასენკომ.

 

ის Wizz Air-ის ვებგვერდზე მოცემულ საზაფხულო ბილეთების ფასებს ხაზს უსვამს და აცხადებს, რომ რუსები „ქუთაისიდან ერთი მიმართულებით, დაახლოებით, 5000 რუბლად (62 დოლარად) ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩაფრენას შეძლებენ, როგორიც არის რომი, პრაღა, ბუდაპეშტი, ვენა, პარიზი და სხვა.“ პოკრასენკო აღფრთოვანებულია, რომ „ზოგიერთ უცხოურ მიმართულებაზე, კერძოდ, ლარნაკაზე, აბუ დაბისა და სალონიკზე ბილეთი შოვნა 3000 რუბლამდე (37 დოლარამდე) ფასშიც არის შესაძლებელი.”

პოკრასენკო ვარაუდობს, რომ ქუთაისის გავლით ევროპაში ფრენის ღირებულება პირველ რიგში ავიაკომპანია Red Wings-ის ბილეთების ფასებზე იქნება დამოკიდებული. როგორც ცნობილია, Red Wings-ს მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2 ივნისიდან, კვირაში სამი სიხშირით უნდა დაეწყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზითა და ვადით გადადო.

„თუ ვივარაუდებთ, რომ Azimuth-ისა და Georgian Airways-ის თბილისის ცალმხრივი მიმართულების ფასების ანალოგიით ქუთაისის რეისის ფასიც, დაახლოებით, 15 000-20 000 რუბლი (185-247 დოლარი) იქნება, მაშინ 20 000-25 000 რუბლად (247-308 დოლარად) ევროპის ზოგიერთ ქალაქში, ხოლო 30 000-35 000 რუბლად (370-432 დოლარად) ევროპის, თითქმის, ყველა ქვეყანაში ჩავფრინდებით,“ - გამოთვალა პოკრასენკომ.

აქვე ის ერთ საინტერესო დეტალს ასახელებს. კერძოდ, რუს ექპერტს მიაჩნია, რომ ქუთაისის აეროპორტი ევროპის მიმართულებაში კონკურენციას სტამბოლის აეროპორტს გაუწევს. პოკრასენკოს ცნობით, რუსი მოგზაურები ევროპაში სტამბოლის გავლით, თითქმის, ანალოგიურ ფასად დაფირნავენ, თუმცა არის მიმართულებები, რომლებიც ქუთაისიდან რუსებისთვის შესაძლოა, კიდევ უფრო მომგებიანი გახდეს. მაგალითად, მისი ვარაუდით, მოსკოვი-პარიზის, მოსკოვი-რომის, მოსკოვი-სალონიკის მიმართულებები 20 000-25 000 რუბლამდე (247-308 დოლარად) ფასში იქნება ხელმისაწვდომი, მაშინ, როცა ამჟამად სტამბოლის გავლით ამ მარშრუტებზე ფრენები, მინიმუმ, 30 000 რუბლი (370 დოლარი) ღირს.

თუმცა დენის პოკრასენკო რუსებისთვის ერთ უხერხულობას ხაზგასმით შენიშნავს. კერძოდ, Wizz Air-ის ვებგვერდზე რუსული საბანკო ბარათის გამოყენებით ბილეთის ყიდვა შეუძლებელია, ამიტომ მათ დასახმარებლად ავიაბილეთების აგრეგატორებს უნდა მიმართონ.

ქუთაისი რომ „უაღრესად მიმზიდველია,“ ამაში პოკრასენკოს ავიაინდუსტრიის საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო Aviaport-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოლეგ პანტელეევი ეთანხმება. მისი თქმით „რუსეთის ევროპული ნაწილიდან Wizz Air-ის მარშრუტების ქალაქებში ფრენებთან ქუთაისის მიბმა მგზავრობის მინიმალური დროის გამო მეტად მიმზიდველია.“ მეტიც, პანტელეევის შეფასებით, „ერევანიც კი, რომელიც აქამდე რუსების მხრიდან მოთხოვნით სარგებლობდა, ოდნავ მოშორებითაა, ხოლო სტამბოლი კიდევ უფრო შორს მდებარეობს.“

ავიაექსპერტი ერთ უარყოფით მხარეზეც საუბრობს. კერძოდ, „ქუთაისიდან ბევრ პოპულარულ მიმართულებაზე Wizz Air-ის ფრენების სიხშირე ყოველდღიური არ არის.“ თუმცა პანტელეევი ვარაუდობს, რომ „თუ მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება, ავიაკომპანიამ ახალ ვითარებას შესაძლოა, მოქნილად უპასუხოს, სიხშირეები დაამატოს და სატარიფო პოლიტიკაც ბუნებრივად დაარეგულიროს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...