ზურაბიშვილი: რუსეთს აქეზებს საკუთარი იმპერიალისტური ბუნება და არა — ნატოს გაფართოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც აქვს საზღვრები.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიას კვებავს დათმობა და არა — შეუპოვრობა.
„დაშოშმინების პოლიტიკას არასდროს არსად უმუშავია. ევროკავშირის ან ნატოს გაფართოება არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს და აგულიანებდა რუსეთის აგრესიის წამოსაწყებად. ეს არის რუსეთის საკუთარი დაუძლეველი იმპერიალისტური ბუნება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ თუ რამე აქეზებს რუსეთს აგრესიის დასაწყებად, ეს არის [დასავლეთის] ყოყმანი გადაწყვეტილების მიღების დროს.
სალომე ზურაბიშვილმა ამ კონტექსტში გაიხსენა რუსეთის აგრესიის მიმართ არასათანადო რეაგირება საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს გამართული დისკუსიისას რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.