Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

დაზღვეული ყავა (გ)აუცრელთათვის, ანუ თქვენც დაბერდებით!


katya

3.157 views

blog-0663007001370715695.pngერთ კლინიკაში, ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს, არც ისე პატარა სკანდალი აიწია: პულმონოლოგმა ხელფასის გაორმაგება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ ფილტვი ორია. ოტო–ლინო–ლარინგოლოგმა ეს რომ გაიგო, მაშინვე გაასამმაგა გასამრჯელო. ამ ეტაპზე კლინიკის მეპატრონე მხოლოდ იმედოვნებს, რომ სტომატოლოგს ოცნება არ უყვარს...

ხუმრობა – იქით, საქმე –აქეთ და გუშინ იყო პირველი დილა, როცა ყავის სურნელმა სასტიკად გამაღიზიანა. არ ვიცი იმიტომ, რომ მე ვერ მოვასწარი დალევა, არ ვიცი, იმიტომ რომ არ შემიპატიჟეს, მაგრამ ფაქტია – გუშინ ყავის სმის სურვილი დამეკარგა, წერის გამიჩნდა. არადა , სულ სხვა ყავა მეწერებოდა...

ჩემი ბრალი არაა. არ მიყვარს კრიტიკა, მაგრამ, ზოგჯერ, ვიდრე ზოგიერთს არ ეტყვი, რომ ყარს, იქამდე დაბანას ვერ მოიფიქრებს.

ჰოდა გუშინ დაობებული და მწარე ყავის სუნი მეცა, ალმასხანის პურივით.

იმ ხმაურიან, მოლოდინით და ტკივილებით სავსე უსიამოვნო რიგში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს (ფულის გადახდა ვიგულისხმე, გახდამდე ჯერ ადრეა). არადა, თითქოს, სულ სხვა ცვლილებებზე იყო მოლოდინი.

რა დროს ყავა და მუსიკაა, როცა ავღანეთში დაღუპულ ბიჭებს იქით თემა არ დაძრულა საინფორმაციო სივრცეში 2 დღეა, მაგრამ ადამიანობის დრო მგონი სულაა. ის ბიჭებიც თავიანთი პირადი და საზოგადო ადამიანური მისიით მიდიან იქ, იბრძვიან, გმირობენ და იღუპებიან კიდეც.

მგონი ისედაც მძიმე თემას კიდევ უფრო ვამძიმებ, მაგრამ რა ვქნა? როცა საკითხი ბავშვებს, მოხუცებს და ორსულებს ეხებათ, იქ აღარც ყავის ხათრი მაქვს და აღარც ხალხის არჩეული ხელისუფლების.

იმ შიგნიდან საგუდაგულოდ გადარაზული კარის მეორე მხარეს რიგში მდგომს ეჭვმაც კი გამკრა – შორეულ წარსულში არქიმედესა და ჰიპოკრატეს ფარულ მტრობაზე. პრინციპში, მე თუ ინტრიგანი არ ვარ, მაგათ რა უნდა ჰქონოდათ გასაყოფი? ფესვები კი ჰქონდათ საერთო, მაგრამ საუკუნეებში და სამოღვაწეო ასპარეზზე, გვარიანად აცდნენ.

ანტიკური მედიცინის რეფორმატორი რომ თავის ცნობილ ფიცს აყალიბებდა, რას წარმოიდგენდა რამდენი ფარისეველი „მრევლი“ ეყოლებოდა მის რელიგიას საუკუნეების შემდეგაც.

რაღა ბევრი გავაგრძელო და, გუშინ ობიექტურმა რეალობამ და სუბიექტურმა მიზეზებმა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ერთ–ერთ კლინიკაში მიმიყვანა, ქალაქის ერთ–ერთ გარეუბანში, სადაც ბევრჯერ ვყოფილვარ და ბევრჯერ დამხვედრია კაზუსები, ალოგიკა და უბრალოდ ტირილამდე სასაცილო შემთხვევები.

გარეუბანს ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ერთი უკმაყოფილო პაციენტის ფრაზა დამამახსოვრდა – „არსად ასეთი ბარდაკი არაა, აქ რომ არისო!“ მართალი გითხრათ, ამ ფრაზით ცოტა გულზე მომეშვა, რადგან მთელი ქალაქის მასშტაბით ასეთი „ბარდაკი“ უფრო ცუდ გუნებაზე დამაყენებდა.

აქაური წესი ასეა – თუ ბედმა ისე დაგცინა, რომ „დოხტური“ გჭირდება და არც მეგობრებში გყავს მაგისთანა, არც „ფარა“ გაქვს უკეთესი არჩევანის გაკეთების, ანდა, უბრალოდ გინდა, რომ თავი იმ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქედ იგრძნო, რომელიც ვალდებულად თვლის თავს, იზრუნოს საკუთარი ხალხის ჯანმრთელობაზე, უნდა იცოდეთ, რომ ეს არც ისე იოლია.

საკუთარი პრაქტიკიდან შემიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ – თუ საპენსიო, ბავშვთა ან საყოველთაო დაზღვევის პროგრამით სარგებლობთ, იმისთვის რომ ოჯახის ექიმის კონსულტაცია მიიღოთ და შემდეგ შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროთ, კვირაში 2–ჯერ, ყოველი შემთხვევისთვის, ჩაეწერეთ წინასწარ ექიმთან, რომ 1 ან 2 კვირის შემდეგ რიგმა მოგიწიოთ. კატეგორიული რჩევაა, არაფრით გაბედოთ მოულოდნელი და არაგეგმიური ავადმყოფობა. თუ ავად გახდომას ექიმთან ჩაწერის თარიღს დაამთხვევთ, ეს იდეალური ვარიანტია.

მეორე საკითხია ადგილზე მანიპულირების უნარ–ჩვევები,რაც პრაქტიკაში უნდა გამოიმუშავოთ, რადგან ქმედება და უკუქმედება ამ სივრცეში განსაკუთრებულად ინდივიდუალურია.

ჰოდა, ასეთ ფონზე, ის მირჩევნია, წარმატებების ნაცვლად, ჯანმრთელობა გისურვოთ...

წარმოიდგენთ ალბათ, რა მძიმე საყურებელია დაბნეული მოხუცების ქაოსური მოძრაობა, მერე ლოდინი ჯერ „კარის რიგში,“ მერე „რეგისტრატორის რიგში,“ მერე „ლაბორატორიის რიგში“ და ასე – რიგიდან –რიგამდე გადის ნახევარი დღე. არადა ტკივათ... ამას დამატებული ატირებულ–დაქანცული ბავშვები, ცალ ფეხზე ჩამომდგარი გაბერილი ორსულები და თავისით მოდის კითხვა, რომელსაც აქ ვერ დავწერ. სამაგიეროდ დავწერ ისეთს, რომელიც დაიწერება და კონკრეტულ ადრესატსაც იპოვნის.

არ მაინტერესებს – რატომ „არა“?

მაინტერესებს – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ყოფილიყო „კი“

არადა „კი“ მარტივი მისაღწევია – კორპორატიული ტრენინგით იმ მედპერსონალისთვის, რომელსაც სამედიცინო სასწავლებელში არ ასწავლეს პაციენტთან ურთიერთობის ხელოვნება, რა სარგებლობა მოაქვს ტკბილ სიტყვას და ერთ უბრალო ღიმილს?

„კი“ ადვილი მისაღწევია, თუ ინებებთ და გაზრდით ყველაზე „სტრატეგიული“ თანამშრომლების რაოდენობას – მაგალითად რეგისტრატორების, რომ ავადმყოფი ადამიანები (თქვენთან კარგად მყოფი და დალხინებული იშვიათად მოდის) არ იდგნენ რიგში? მაგრამ ეს უკვე დამატებითი ხარჯია და, ალბათ, „მძიმე ტვირთად“ დააწვება კლინიკას...

„კი“ ისეთი ხელშესახები გახდება, თუ არ გამოაკრავთ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ძალიან დამამცირებელ განცხადებას, მინიშნებით – ყველას საყურადღებოდ! სადაც წერია – ფასიანი პაციენტები ყველგან დაიშვებიან ურიგოდ! ანუ, მარტო „ქეშად“ გადამხდელებისთვის გაქვავებული სახის ნაკვთების მიღმა გადანახულ ნაძალადევ ღიმილს ვინ ჩივის, მათ პრივილეგირებული მომსახურებითაც ანებივრებთ.

გაანებივრეთ, ეგ თქვენი კორპორატიული სამზარეულო და მარკეტინგული არჩევანია, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს დანარჩენების ირიბი შეურაცხყოფისა და დამცირების ხარჯზე. უბრალოდ და მარტივად – „გამიჯნეთ კლიენტურა“. მაგრამ აქაც დამატებით ხარჯს ვაწყდებით, თუ „ფასიან“ პაციენტებს სხვა ექიმი „დააფასებ“, მას ხელფასი კომპანიამ უნდა უხადოს. მოქმედი სისტემით კი ხარჯი ნახევრდება. მერე რა, რომ „ფასიანები“ „უფასოებს“ წარბაწეულნი და პრეტენზიული ტონით ეკონტაქტებიან ექიმის კართან?! სხვისი ნერვები და თავმოყვარეობა რა თქვენი საქმეა?

აქვე ტივტივებს „ცნობადთა“ გამონათქვამები „უბრალო“ და „ჩვეულებრივ“ ადამიანებზე.

ჰეი, „ბრალიანებო!“ „უფასოები“ ხომ არ გებრალებიან კიდეც!?

არადა, დაზღვეულებს უღიმოდეთ კი არა, კუდში უნდა დაზდევდეთ, ე მანდ არაფერი მოიწიონ და არაფერი ეწყინოთ, თუნდაც იმიტომ, რომ მათი მკურნალობის საფასური დიდი ხნის წინ მათივე შრომითაა გადახდილი და ახლა იმ შენატანებიდან სახელმწიფო ბიუჯეტი გიხდიათ დღეს ხელფასს, თანაც სოლიდურს და სტაბილურს. სახელმწიფო დოტაციაზე ყოფნა კონკურენტულ სივრცეში არაა ცუდი რამ... ანუ, ჩვენებურად, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის სუბიექტად ყოფნა. თქვენ კი გაღიმებაც გეზარებათ...

მედიკები ხართ და კი უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე მძიმე დანაკარგი ცხოვრებაში პულსის დაკარგვაა... ყველაზე დიდი დანაკარგი – იმედის დაკარგვა. ყველაზე დიდი მონაპოვარი – ჯანმრთელობა და გონება; ყველაზე დიდი მოვალეობა – გულწრფელი გრძნობები; ყველაზე დიდი საჩუქარი – სულგრძელობა;

ამ ყველაფრის შეხსენება იმისთვის დამჭირდა, რომ, ვიდრე, დილაუთენია მისული „დაზღვეული“ პაციენტები დახურულ კართან ცოცხალ რიგს აწესრიგებდნენ, ტკივილებისგან გაბეზრებულები თავს იმხნევებდნენ და ცდილობდნენ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, გასაღების ჭუჭრუტანიდან ისეთი არომატული ყავის სუნი გამოიპარა, „კოფეინმა რა ჰქმნა?!“–ს დაწერდა ადამიანი. არადა, –მხოლოდ კომპიუტერების ჩართვა დაგვაცადეთო! ჩვენც ხალხნი ვართ, რობოტები კი არაო! ჩვენ აქ კაპიკებზე გემსახურებით და ყველას უნდა გაგიძლოთ მთელი დღეო... ზოგჯერ რამდენ სიმწარეს იტევს ყავის არომატიც...

უკვე მიგვაჩვიეს, რომ ჩვენს დროში „სწორი გადაწყეტილება“ „ სწრაფი გადაწყვეტილებაა“. ანუ მასშტაბურ პროექტებსა და „სოციალურ გამოფენებში“, ხშირად, ადამიანები და უმნიშვნელოვანესი წვრილმანები გვავიწყდება. ეს არაა ნორმა. სენი დასაძლევია, ვიდრე მკურნალობას ექვემდებარება, თორემ თქვენც მალე დაბერდებით, ბატონებო!

აი ასე! ახლა ავდგები და ამ განწყობას ყავას გავატან...

ყავამშვიდობისა, ადამიანებო!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...