Jump to content
Planeta.Ge

არასამთავრობო ორგანიზაციები - სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს


სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატო-ში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს.

პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს.

სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.

ასევე შევახსენებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისციტის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“

„მედიის განვითარების ფონდი“

„მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“

„პრევენცია პროგრესისთვის“

„რონდელის ფონდი“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“

„უფლებები საქართველო“

„ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“

„წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი“

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...