Jump to content
Planeta.Ge

ლაზარეს მამამ და მეგობრებმა წუხელაც გამართეს აქცია პარლამენტთან


რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამა 30 მაისის ღამითაც პარლამენტთან იმყოფებოდა. მას შვილის მეგობრები და მხარდამჭერები ახლდნენ.

წინა ღამის მსგავსად, გრიგორიადისი ამჯერადაც პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე სკვერში გაჩერდა. იქვე იდგა პოლიციაც, რომელმაც 1 ღამით ადრე კარვის გაშლის საშუალება არ მისცა დაკავებული დემონსტრანტის მამას.

ბექა გრიგორიადისმა შსს-ს წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ ადრე თუ გვიან, კარავს მაინც გაშლის.

“ფიცს ვდებ, მილიციელებს გეუბნებით: მაინც დაგიდებთ ამ კარავს. პოლიციელებს კიდევ ვეტყვი: მაპატიეთ, რომ გაწვალებთ”, — აღნიშნა მან. გრიგორიადისის თანახმად, მილიციელებს პოლიციელთა იმ კატეგორიას უწოდებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ წოდებას.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და გვინდა, ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა. ჩემი შვილიც მაგას ებრძოდა, რომ რუსული არ შემოიტანოთ აქ. და თქვენ ემსახურებით რუსულ საქმეს. ასე არბევენ მილიციელები და ომონელები “დიდ რუსეთში”.

ორი დღეა, მპარავთ 44-ლარიან კარავს და ბალიში მომპარეთ! პატარა ბალიში! არ გიტყდებათ? და ეს გააკეთა მილიციელმა, არა — პოლიციელმა. არიან მილიციელები პოლიციის რიგებში, რომლებიც მოქმედებენ ცუდად, რომლებიც ჩვენ არ გვიყვარს, რომლებიც აბრმავებენ ბავშვებს, გოგოებს… ზუსტად ამას ვებრძვით ჩვენ”.

“მე არც პოლიტიკა მინდა და არც არაფერი. მე მინდა, ნორმალური სახელმწიფო და არა რუსული, სადაც ახალგაზრდა ვერ გამოვა და ვერ იტყვის თავის სიტყვას.

მილიციელებს ვეუბნები: მე აქ კარავს დავდგამ. ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება”, — აღნიშნა დაკავებულის მამამ.

29 მაისის ღამით, კარვის წართმევის გარდა, პოლიციამ ადგილზე მყოფი ერთი აქტივისტი დააკავა. შსს-ს ცნობით, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

რამდენიმე დღეა, ბექა გრიგორიადისი პარლამენტის უკან აქციებს მართავს. მისი თქმით, მხოლოდ შვილის გათავისუფლებისთვის არ იბრძვის.

“მე არ ვიბრძვი მხოლოდ ლაზარეს თავისუფლებისთვის/ საქართველოც დასახსნელია რუსული რეჟიმისგან. მე მაქვს ხალხის იმედი, რომ დამახსნევინებენ ლაზარეს ტყვეობიდან”, — წერს ის “ფეისბუკზე”.

ბექა გრიგორიადისი ოპოზიციურ სპექტს მოუწოდებს 20 ივნისს მისი შვილის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციის ჩატარებისკენ.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გარეკანის ფოტოები: Facebook/Irakli Qoridze



ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...