„ტურისტებს ხელბორკილები დაადო და ავტომატიდან გაისროლა“ — ვაშლოვანში მესაზღვრე დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა:
„მან დიდი ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად , სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია“ — ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.